წყარო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ორი ქვეყნის პრეზიდენტების დავალების თანახმად, მეგობრობისა და პერსპექტიული თანამშრომლობის სულისკვეთებით, განიხილეს ქართულ-რუსული ურთიერთობების საკითხთა ფართო სპექტრი.
კერძოდ, მათ განიხილეს საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზებისა და ამიერკავკასიაში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების სხვა სამხედრო ობიექტების ფუნქციონირების შეწყვეტის პირობებთან, ყოფნის ვადებთან და ძირითად პარამეტრებთან დაკავშირებული პრობლემები, და შეთანხმდნენ საქართველოს ტერიტორიიდან მათ გაყვანაზე 2008 წლის განმავლობაში ეტაპობრივად, შემდეგი თანმიმდევრობით.
რუსეთის ბათუმისა და ახალქალაქის სამხედრო ბაზები წყვეტენ მოქმედებას დანიშნულებისამებრ და ფუნქციონირებენ გაყვანის რეჟიმში ამ განცხადების ხელმოწერის მომენტიდან. ბაზებიდან მძიმე ტექნიკის გაყვანა დაიწყება უკვე 2005 წელს და 1 სექტემბრამდე გაყვანილ იქნება არანაკლებ 40 ერთეული ჯავშანტექნიკა, მათ შორის არანაკლებ 20 ტანკი. ამ მიზნით ქართული მხარე მისცემს საშუალებას რუსეთის მხარეს უზრუნველყოს გაყვანისათვის აუცილებელი სათადარიგო ნაწილებისა და მატერიალური საშუალებების მიწოდება მხარეთა შორის შეთანხმებული ნუსხის მიხედვით.
რუსეთის მხარე 2005 წლის 15 ივნისამდე გადასცემს ქართულ მხარეს 142-ე ჯავშანტექნიკის სარემონტო ქარხანას, ხოლო 2005 წლის 1 სექტემბრამდე დაასრულებს საქართველოს მხარისათვის სხვა ობიექტების გადაცემას, რომლებიც არ გამოიყენება ამიერკავკასიაში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების ინტერესებში. ამ ვადისათვის გადაცემული იქნება ობიექტი «ზვეზდა», აგრეთვე კოჯორის კავშირგაბმულობის რეტრანსლატორი და პოლიგონი «გონიო» ერთობლივი გამოყენების საკითხების მარეგულირებელი შესაბამისი შეთანხმებების ხელმოწერის საფუძველზე. ამასთან, საქართველოს მხარე ბაზების გაყვანის დასრულებამდე, გადასცემს რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს მათ მიერ დაკავებულ საბინაო ფონდს. რუსეთის მხარეს მიეცემა საშუალება გამოიყენოს კოჯორის კავშირგაბმულობის რეტრანსლატორი დღეისათვის მოქმედ რეჟიმში ამიერკავკასიაში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების ქვედანაყოფების კავშირგაბმულობით უზრუნველყოფის მიზნით, ასევე პოლიგონ «გონიო»-ს ნაწილი გასაყვანი შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და მატერიალური საშუალებების დასაწყობების და დიდ სადესანტო ხომალდებზე დატვირთვის ინტერესებში. ქართული მხარის მიერ გამოყოფილ იქნება აგრეთვე მიწის ნაკვეთი რუსეთის ბათუმის სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობის მომზადებისათვის (სროლა მსუბუქი იარაღიდან, მანქანების ტარება). 2006 წლის 1 იანვრამდე რუსული მხარე განახორციელებს ბაზების შემადგენლობაში არშემავალი სამხედრო ობიექტების ძირითადი ნაწილის გადმოცემას ქართული მხარისათვის, მხარეთა მიერ შეთანხმებული ნუსხის შესაბამისად.
საქართველოში მყოფი რუსეთის სამხედრო ფორმირებები ამ განცხადების ხელმოწერის შემდეგ, დაკავებულ იქნებიან რუსეთის სამხედრო ბაზებისა და ამიერკავკასიაში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების კუთვნილი ტექნიკის, მატერიალური საშუალებების, სხვა სამხედრო ობიექტების, და საქართველოში რუსეთის ბაზების სხვა ქონების, რომელიც ამ მომენტში არის საქართველოს ტერიტორიაზე, გატანის ორგანიზაციით. 2006 წლის ბოლომდე განხორციელდება რუსეთის მძიმე სამხედრო ტექნიკის, მათ შორის ახალქალაქის სამხედრო ბაზიდან ხშშტ-ს გაყვანა. დასრულდეს ახალქალაქის სამხედრო ბაზის და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რუსეთის მძიმე სამხედრო ტექნიკის გაყვანა, ასევე ამიერკავკასიაში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების დანარჩენი სამხედრო ობიექტების გადაცემა ქართული მხარისათვის 2007 წლის 1 ოქტომბრამდე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ამინდის პირობების გათვალისწინებით, არაუგვიანეს 2007 წლის ბოლომდე. ბათუმის სამხედრო ბაზისა და ამიერკავკასიაში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების შტაბის საბოლოო გაყვანა განხორციელდება 2008 წლის განმავლობაში.
რუსეთის ბათუმის სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობის, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისა და ინფრასტრუქტურის შეთანხმებული ნაწილი გამოყენებულ იქნება საქართველო-რუსეთის ანტიტერორისტული ცენტრის ინტერესებში, რაც გაფორმდება ცალკე დოკუმენტით.
რუსეთის სამხედრო ბაზების და ამიერკავკასიაში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების სხვა სამხედრო ობიექტების მოძრავი ქონება გატანილ იქნება საქართველოს ტერიტორიიდან, ხოლო უძრავი ქონება გადაეცემა საქართველოს მხარეს ფაქტიური მდგომარეობით, მხარეთა უფლებამოსილ ორგანოებს შორის შეთანხმებული გრაფიკების საფუძველზე. რუსეთის მხარე იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს გადასაცემი ობიექტების დაცულობა (მთლიანობა).
მხარეები განახორციელებენ ურთიერთქმედებას ბაზების გაყვანის პროცესთან დაკავშირებული სატრანსპორტო დანახარჯების ფინანსირების დამატებითი გარე წყაროების მოძიების მიზნით.
საქართველოს მხარე, ხელს შეუწყობს – რუსეთის ბათუმისა და ახალქალაქის სამხედრო ბაზების ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანის ორგანიზაციას, ლეგიტიმური საკონტროლო-გამშვები პუნქტების, მათ შორის ბათუმის პორტის, ბათუმის აეროპორტისა და ნინოწმინდას გამოყენებით; გაყვანის უსაფრთხოების უზრუნველყოფას; გასაყვანი სამხედრო ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის ტრანსპორტირების ორგანიზებას; ასევე წარმოუდგენს გარანტიებს რუსეთის სამხედრო ბაზების ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ისურვებენ საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად დარჩენას, მათ მიერ დაკავებულ ბინებზე.
მხარეები შეათანხმებენ, რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოსამსახურეთა, კერძოდ მძღოლების, მექანიკოსების და სხვა ტექნიკური სპეციალისტების საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის ვადებსა და რაოდენობას, რომელთა საქართველოში დროებით მივლინება დაგეგმილია რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის ხელშეწყობის მიზნით. აღნიშნული ტექნიკური პერსონალი დაემატება განცხადების ხელმოწერის მომენტისათვის ამიერკავკასიაში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების სამხედრო მოსამსახურეების არსებულ რაოდენობას.
რუსეთის მხარე არ განახორციელებს ბაზებისათვის შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალის შეცვლასა და შევსებას, ხოლო სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა იქნება ზემოაღნიშნულ ვადებში სამხედრო ქონების გატანის უზრუნველყოფის საჭიროების შესაბამისი.
რუსეთის სამხედრო ბაზებისა და ამიერკავკასიაში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების სხვა სამხედრო ობიექტების შემადგენლობაში შემავალი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, ასევე მათი ოჯახის წევრები, პატივს სცემენ საქართველოს სუვერენიტეტს და იცავენ მის კანონმდებლობას, არ ერევიან მის საშინაო საქმეებში, არ მონაწილეობენ საქართველოს ტერიტორიაზე შიდა კონფლიქტებში.
მხარეები ხელს შეუწყობენ საქართველოს მოსახლეობას, სახელმწიფო ორგანოებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და რუსეთის სამხედრო ბაზების, რუსეთის სხვა სამხედრო ობიექტების, მათ შემადგენლობაში შემავალ სამხედრო მოსამსახურეებს, სამოქალაქო პერსონალს და მათ ოჯახის წევრებს შორის კეთილგანწყობილი ურთიერთობის მხარდაჭერას.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე მხარეები უახლოეს მომავალში განახორციელებენ ყველა სათანადო ღონისძიებას წინამდებარე ოქმის შესაბამისად მხარეთა მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, მათ შორის უახლოეს მომავალში შემუშავდება და ხელმოსაწერად მომზადდება შეთანხმება ახალქალაქისა და ბათუმის რუსეთის სამხედრო ბაზებისა და ამიერკავკასიაში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების სხვა სამხედრო ობიექტების საქართველოს ტერიტორიაზე ფუნქციონირების ვადების, წესისა და გაყვანის შესახებ, როგორც ეს იყო გათვალისწინებული რუსეთ-საქართველოს სტამბოლის განცხადებით (1999 წლის ნოემბერი), ასევე საქართველო-რუსეთის ანტიტერორისტული ცენტრის შექმნისა და ფუნქციონირების შესახებ შეთანხმება. რუსეთის სამხედრო ბაზების ფუნქციონირების ვადების, წესისა და გაყვანის შესახებ შეთანხმებაში გაფორმდება დებულებები, მათ შორის ქართული მხარის მიერ რუსეთის სამხედრო ბაზებისა და სხვა სამხედრო ობიექტების ფუნქციონირების შეწყვეტამდე ნორმალური საქმიანობის უზრუნველყოფის შესახებ, პირადი შემადგენლობის გეგმიური როტაციის და გასაყვანი ბაზების შემადგენლობაში შემავალი პირების, მათი ოჯახის წევრებისა და დროებით მივლინებაში მყოფთა სავიზო უზრუნველყოფის ჩათვლით.
2005 წლის განმავლობაში მხარეები შეიმუშავებენ შეთანხმებას, საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ინტერესებში სატრანზიტო გადაზიდვების ორგანიზების შესახებ, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად.
მხარეები განახორციელებენ აუცილებელ ღონისძიებებს ეუთოში გერმანიის წარმომადგენლების წინადადებების საფუძველზე საერთაშორისო მისიის გაგზავნისათვის რუსეთის გუდაუთის სამხედრო ბაზის მიერ ადრე გამოყენებაში მყოფ ტერიტორიაზე არსებული ვითარების მონიტორინგის მიზნით. მისიის ანგარიშის საფუძველზე გაკეთდება დასკვნა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის 1999 წლის 17 ნოემბრის ერთობლივ განცხადებაში დაფიქსირებული ვალდებულებების, გუდაუთის ბაზასთან დაკავშირებულ ნაწილში, შესრულების შესახებ.
მხარეებმა გამოხატეს ორმხრივი დაინტერესება რუსეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უსწრაფეს სახელშეკრულებო-სამართლებრივი გაფორმებაში და მხარეთა დელეგაციებს დაავალეს, იხელმძღვანელონ რა სწრაფვით მომზადდეს შესაბამისი ხელშეკრულებები 2005 წლის განმავლობაში, გაააქტიურონ მოლაპარაკებათა პროცესი საზღვრის დელიმიტაციის შესახებ.
მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები აფხაზეთში, საქართველო და სამხრეთ ოსეთში არსებული კონფლიქტების დარეგულირების გზების პერსპექტივებზე. მხარეებმა დაადასტურეს საკუთარი მზადყოფნა, შემდგომშიც აქტიურად ითანამშრომლონ კონფლიქტების პოლიტიკური დარეგულირების ინტერესებში მხოლოდ მშვიდობიანი საშუალებებით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი პატივისცემის საფუძველზე, კონფლიქტების ზონებში მრავალეროვანი მოსახლეობის, მათ შორის ლტოლვილებისა და ამ კონფლიქტების შედეგად გადაადგილებული პირების ინტერესებისა და კანონიერი უფლებების უზრუნველყოფით.
აღნიშნული განცხადების დებულებების შესრულება ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციასა და ნდობის გაძლიერებას, რაც თავის მხრივ გახსნის გზას საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობათა ძირითადი პრინციპების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერისათვის.