Site icon Civil.ge

თბილისი დსთ-ის სამიტს მასპინძლობს

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) წევრი სახელმწიფოების მთავრობების ხელმძღვანელთა სამიტი 3 ივნისს თბილისში გაიხსნა. ამგვარი შეხვედრა პირველად ტარდება საქართველოში.


სამიტის განმავლობაში დაგეგმილია 30 საკითხის განხილვა, თუმცა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი მხოლოდ ცხრა საკითხის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას, მათ შორისაა დსთ-ის სახელმწიფოებს შორის ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის საკითხის განხილვა. ნოღაიდელმა 1 ივნისს განაცხადა, რომ ეს ფაქტი იმაზე მიანიშნებს, რომ „აუცილებელი დსთ-ის რეფორმირება“.


მიუხედავად იმისა, რომ თბილისი არ ანიჭებს დიდ მნიშვნელობას დსთ-ს და სუამის (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და აზერბაიჯანი) ფარგლებში თანამშრომლობაზე ახდენს ფოკუსირებას, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ საქართველოს გამოსვლა ამ თანამეგობრობიდან ჯერ-ჯერობით დღის წესრიგში არ დგას. 


სამიტის მონაწილეთა უმეტესობა საქართველოში 2 ივნისს ჩამოვიდა. რუსეთის 100-კაციანი დელეგაცია, რომელიც ყველაზე მასშტაბურია სხვა მონაწილე დელეგაციებს შორის და რომელსაც პრემიერ-მინისტრი მიხეილ ფრადკოვი უხელმძღვანელებს, 3 ივნისს დილით ჩამოვიდა თბილისში.  


ბელარუსის პრემიერ-მინისტრი სერგეი სიდორსკიც 3 ივნისს ჩამოვიდა. ორმხრივი შეხვედრა სიდორსკის და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის მოსალოდნელი არ არის. თბილისმა ცოტა ხნის წინ ბელარუსის ხელისუფლება ადამიანთა უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა არ დამალა ის ფაქტი, რომ თბილისი უპირატესობას უკრაინის დელეგაციას ანიჭებს და პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს თბილისის აეროპორტში დახვდა – ეს ერთადერთი დელეგაციაა, რომელსაც სააკაშვილი აეროპორტში დახვდა.    


“მე მივესალმები უკრაინის პრემიერ-მინისტრის და საქართველოს ძველი მეგობრის ჩამოსვლას. მალე, ჩვენ თბილისში ჩემს მეგობარს [უკრაინის] პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოსაც ველით“, განუცხადა სააკაშვილმა 2 ივნისს ჟურნალისტებს აეროპორტში.


“ვერ წარმომიდგენია [უკრაინის 2004 წლის] ნარინჯისფერი რევოლუცია თქვენს [საქართველოს] გარეშე“, განუცხადა ტიმოშენკომ ჟურნალისტენს თბილისში ჩამოსვლისთანავე.


გარდა სამიტში მონაწილეობისა, ტიმოშენკო 3 ივნისს თბილისში გამართავს ორმხრივ მოლაპარაკებებს თავის რუს კოლეგასთან მიხეილ ფრადკოვთან.


დსთ, რომელიც 1991 წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირის დაშლიდან მალევე შეიქმნა,  ძირითადად რეგიონალური ფორუმის როლს ასრულებს და ვერ შეძლო გამხდარიყო ინტეგრაციის ძლიერი მექანიზმი 12 წევრ სახელმწიფოს შორის. საქართველო ბოლო ქვეყანა იყო, რომელიც ორგანიზაციას 1993 წელს შეუერთდა.  


ერევანში 25 მარტს ვიზიტის დროს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დსთ-ის შექმნა შეფასა, როგორც  “ცივილიზებული გაყრა“ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.


მისი თქმით, ორგანიზაციამ უნდა განაგრძოს საქმიანობა, რადგანაც იგი წარმოადგენს “სასარგებლო კლუბს“ ინფორმაციის გაცვლისათვის, ასევე საერთო პრობლემებზე და ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებზე შეხედულებების გასაზიარებლად.


“დსთ-სგან ეკონომიკის, პოლიტიკის და სამხედრო თანამშრომლობის სფეროში რაიმე მნიშვნელოვანი მიღწევები არც იყო მოსალოდნელი, რადგანაც არც არსებობდა რაიმე წინაპირობა ამისათვის“, განაცხადა პუტინმა და აქვე დასძინა, რომ “სად არის უკეთესი ადგილი ამ საკითხების განსახილველად, თუ არა დსთ-ში?“ 

This post is also available in: English (ინგლისური)