Site icon Civil.ge

პუტინმა ჩრდილოეთ ოსეთის ახალი ლიდერი დანიშნა

ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტის ალექსანდრე ძასოხოვის გადადგომის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარე თეიმურაზ მამსუროვი რესპუბლიკის ახალ ლიდერად დანიშნა.


მამსუროვი, რომელიც 1955 წელს დაიბადა, ჩრდილოეთ ოსეთის კომუნისტური პარტიის ახალგაზრდულ შტოში, შემდეგ კი ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა. 1999 წელს ძასოხოვის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, იგი მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე დაინიშნა, შემდეგ კი 2000 წელს – პარლამენტის თავმჯდომარედ.


2004 წლის ივნისში მან რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მოუწოდა დაეცვა რუსეთის მოქალაქეები სამხრეთ ოსეთში, როგორც მან აღნიშნა, აშშ-ის ჩარევის წინააღმდეგ. მის მიმართვაში ნათქვამია, “ამჟამად, ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით მიმდინარეობს ქართულ-ოსური კონფლიქტის ახალი ფაზა, რომელმაც შესაძლოა სიტუაციის გაუარესება გამოიწვიოს კავკასიის მთელ რეგიონში. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის 90% რუსეთის მოქალაქეები არიან და თავიანთ მომავალს ისინი მხოლოდ რუსეთს უკავშირებენ“.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)