Site icon Civil.ge

დეპუტატები ფინანსური პოლიციის ქმედებებს აპროტესტებენ

პარლამენტის ადამიანთა უფლებების დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა 17 ივნისს ფინანსური პოლიციის უფროსი დავით კეზერაშვილი მოიწვიეს და მისგან თბილისში სწრაფი კვების ობიექტების შემოწმებასთან დაკავშირებული ინციდენტის თაობაზე ახსნა–განმარტება მოითხოვეს.


ფინანსური პოლიციის ათობით ნიღბიანი სპეცრაზმელი 16 ივნისს საღამოს  სწრაფი კვების რესტორნების “ნიკალას“ ქსელში შეიჭრა ამ ობიექტების მიერ გადასახადების შესაძლო დამალვის შემოწმების მიზნით. ორივე ოპერაცია ნიღბიანი სპეცრაზმელების მონაწილეობით მაშინ განხორციელდა, როცა რესტორნებში ათობით მომხმარებელი სადილობდა.


17 ივნისს პარლამენტარებმა, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარენ ნინო ბურჯანაძემ და სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა დაგმეს ეს ინციდენტი და ფინანსური პოლიციის მიერ ადამიანთა უფლებების დარღვევად და ძალის გადამეტებულ გამოყენებად შეაფასეს. დავით კეზერაშვილმა 17 ივნისს საჯაროდ ბოდიში მოიხადა ამ ოპერაციის გამო და პირობა დადო, რომ პასუხს აგებენ ის ოფიციალური პირები, რომელთაც დაგეგმეს ეს შემოწმება.


17 ივნისს გამართულ საპარლამენტო მოსმენაზე ფინანსური პოლიციის უფროსმა დავით კეზერაშვილმა და “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა საკომიტეტო მოსმენის დახურულ კარს მიღმა გამართვა მოითხოვეს, რამაც ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი გამოიწვია. 


“შესაძლოა ისეთი საკითხები იყოს განხილული, რომლებიც გამოძიებას უკავშირდება და ამ საკითხების გაჟღერება არასახარბიელო იქნება“, განაცხადა დავით კეზერაშვილმა.


დეპუტატმა კოკა გუნცაძემ “ახალი მემარჯვენეებიდან“ საკომიტეტო მოსმენის შემდეგ, რომელიც დახურულ კარს მიღმა გაიმართა, განაცხადა, რომ ფინანსური პოლიცია ახორციელებს “ბიზნესის დაშინებას“, რაც აუარესებს საინვესტიციო გარემოს ქვეყანაში.


დავით კეზერაშვილი კრიტიკის ობიექტი აპრილშიც გახდა, როდესაც “კონსერვატორებმა“ გამოაქვეყნეს სატელეფონო საუბრის ჩანაწერი კეზერაშვილსა და უცნობ პირს შორის, რომლებიც უკანონო გარიგებებზე საუბრობდნენ, მათ შორის მანქანების შესყიდვებზე ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური პირებისთვის. ოპოზიციამ კეზერაშვილის გადადგომა მოითხოვა, თუმცა მას მმართველი პარტიის აქტივისტებმა და თავად პრეზიდენტმა მხარი დაუჭირეს.  


ფინანსური პოლიცია გასულ წელს შეიქმნა. მისი შექმნის მიზანი ეკონომიკურ დანაშაულთან, კერძოდ კონტრაბანდასთან ბრძოლა იყო. დავით კეზერაშვილი გავლენიანი დეპუტატის, “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივნის გიორგი არველაძის ახლო მეგობარი და პრეზიდენტ სააკაშვილთან დაახლოებული პირია. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)