რუსეთის უმსხვილესი სამთო–მომპოვებელი კომპანია “ევრაზიაჰოლდინგი” უარს ამბობს საქართველოში “ჭიათურმანგანუმისა“ და “ვარციხეჰესების კასკადის“ შესყიდვაზე.
“წარმოებული ღრმა ექსპერტიზის საფუძველზე ევრაზიაჰოლდინგი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ამ [“ჭიათურმანგანუმისა“ და “ვარციხეჰესების კასკადის“] აქტივების ექსპლუატაცია და განვითარება არ მოუტანს საჭირო მოგებას კომპანიას და არ გაამართლებს ფინანსურ დაბანდებებს“, ნათქვამია 20 ივნისს “ევრაზიაჰოლდინგის“ მიერ გავრცელებულ პრეს–რელიზში .
“ევრაზიაჰოლდინგი” ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოს მთავრობა, რომელმაც პირნათლად შეასრულა აღებული ვალდებულებები და პროექტის მსვლელობისთვის შესაბამისი პირობები შექმნა, გაგებით მოეკიდა კომპანიის ამ გადაწყვეტილებას.
თუმცა დღესვე საქართველოს პარლამენტში საგანგებოდ დაბარებულმა მთავრობის ეკონომიკური ბლოკის მინისტრებმა განაცხადეს, რომ მათთვის “ევრაზიაჰოლდინგს” მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ჯერ ოფიციალურად არ უცნობებია.
“ჩვენ არანაირი ოფიციალური დოკუმენტი არ მიგვიღია. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ კოსულტაციები [კონკურსის]სხვა მონაწილეებთან და პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ“, განაცხადა 20 ივნისს ეკონომიკის განვითარების მინისტრმა ლექსო ალექსიშვილმა.
საქართველოს მთავრობამ, გარდაცვლილი პრემიერ–მინისტრის ზურაბ ჟვანიას ხელმძღვანელობით, დაძაბული კონკურენციის შედეგად “ჭიათურმანგანუმისა“ და “ვარციხეჰესების კასკადის“ ერთიანი საპრიცატიზაციო პაკეტის “ევრაზიაჰოლდინგსა” და “DCM ფეროსთვის” 132 მლნ აშშ დოლარად მიყიდვის გადაწყვეტილება 19 იანვარს მიიღო. ოფიციალური ინფორმაციით, გამარჯვებულმა კომპანიებმა საქართველოს ბიუჯეტის ანგარიშზე დეპოზიტის სახით 20 მლნ აშშ დოლარი ჩარიცხეს.
“გარიგება რომც ჩაიშალოს, ეს თანხა [20 მლნ აშშ დოლარი] საქართველოს ბიუჯეტის ანგარიშზე დარჩება“, განაცხადა ლექსო ალექსიშვილმა.
თუმცა აპრილში დამტკიცდა საბიუჯეტო ცვლილებები, რომელიც 452 მლნ ლარიან მატებას ძირითადად პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავლების, მათ შორის “ჭიათურმანგანუმისა“ და “ვარციხეჰესების კასკადის“ გაყიდვის ხარჯზე ითვალისწინებს. ამ საპრივატიზაციო გარიგების ჩაშლის შემდეგ კი საბიუჯეტის შესრულებას საფრთხე ექმნება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)