Site icon Civil.ge

ოპოზიცია საკრებულოსა და მერის არჩევითობის შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგია

დღეს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტმა დედაქალაქის –თბილისის შესახებ კანონში უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას მიერ ინიცირებული ცვლილებათა პროექტი განიხილა, რაც თბილისის საკრებულოს მაჟორიტარული წესით არჩევასა და მერის არაპირდაპირი წესით, საკრებულოდან არჩევას ითვალისწინებს. ამ საკითხმა საპარლამენტო ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია. ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად კომიტეტის სხდომა დატოვა.


ე.წ ბოკერიას ვარიატი დღეს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა მას შემდეგ განიხილა, რაც 21 ივნისს საპარლამეტო უმრავლესობამ პრეზიდენტთან შეხვედრის დროს ამ საკითხზე კონსულტაციები გაიარა.


მოქმედი კანონმდებლობით, თბილისის საკრებულო პროპორციული წესით ირჩევა. ეს წესი შეცვლილია ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ ცვლილებაში, რომლის მიხედვითაც საკრებულო მაჟორიტარულ–პროპორციული, შერეული წესით ირჩევა. ამ წესით არჩეული საკრებულო კი საკრებულოს 1/3–ის წადგინებით ქალაქის მერს ირჩევს. ამასთან, სავალდებულო არ არის მერობის კანდიდატი საკრებულოს წევრი იყოს.


დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, რომელიც მერობის ერთ–ერთ შესაძლო კანდიდატად მოიაზრება, ხელისუფლებამ წარმოადგინა პროექტი, “სადაც ნათქვამია, თუ როგორ უნდა აიღო ძალაუფლება თბილისში”.  


“უმრავლესობას აქვს სურვილი, რომ გამორიცხოს არამარტო მერის, არამედ საკრებულოს არჩევითობაც“, განუცხადა ჟურნალისტებს ლევან გაჩეჩილაძემ.


“კონსერვატორების” ოპოზიციური ჯგუფის ლიდერის, დეპუტატ კობა დავითაშვილის გაცხადებით, მმართველის პარტიის ვარიანტი “იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ უმცირესობის მინიმალური მხარდაჭერის შემთხვევაში, ხელისუფლებამ მაინც გაიყვანოს უმრავლესობა საკრებულოში“. 


დავითაშვილმა ამ ინიციატივას “ერთპარტიული დიქტატურის“ დამყარების გაგრძელება უწოდა მას შემდეგ, რაც „[ხელისუფლებამ] თავს მოგვახვია კონსტიტუციური მოწყობის თურქმენული მოდელი, ერთპარტიული ცეტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიები“.


ოპოზიცია თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევას ითხოვს. შესაბამისი კანოპროექტი მომზადებული აქვს ფრაქცია “ახალ მემარჯვენეებს“.


ამას გარდა, ოპოზიცია მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევასთან დაკავშირებით რეფერენდუმის გამართვას ითხოვს, რაზეც “რესპუბლიკელების“, “კონსერვატორების“ და სახალხო ფორუმის წარმომადგენლებმა ცსკ–ს 16 ივნისს ოფიციალურად მიმართეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)