Site icon Civil.ge

სააკაშვილი მხარს უჭერს თბილისის საკრებულოს და მერის არჩევის ახალ წესს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დადებითად შეაფასა ახალი კანონპროექტი, რომელიც თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევის წესს ცვლის. კანონპროექტი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა წარადგინა.


“მე ძალიან მომწონს [დეპუტატ მიხეილ] მაჭავარიანის პროექტი“, განაცხადა სააკაშვილმა 22 ივნისს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.


ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს არსებული პროპორციული საარჩევნო სისტემის შეცვლას “გამარჯვებული იღებს ყველაფერს“ პროცედურით.    


თითოეულ პოლიტიკურ პარტიას შეუძლია დაასახელოს სამი ან ორი კანდიდატი საკრებულოს წევრობისთვის თითოეულ ოლქში. საკრებულოში ის პარტია შევა, რომელიც ხმების უმეტესობას მოიპოვებს თითოეულ ოლქში. შემდეგ საკრებულო აირჩევს მერს. ამჟამად, თბილისის მერი პრეზიდენტის მიერ ინიშნება.


ოპოზიცია ამ წინადადების, კერძოდ “გამარჯვებული იღებს ყველაფერს“ პროცედურის წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ ეს “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ “ერთპარტიული დიქტატურის“ დამყარებას გამოიწვევს. ოპოზიცია მერის პირდაპირი წესით არჩევის მომხრეა.


მმართველი პარტიის განცხადებით, ახალი წესი პოლიტიკური პარტიების კონსოლიდაციის საშუალებას იძლევა, რადგანაც პატარა პარტიებს გაერთიანება მოუწევთ საკრებულოში გავლენის მოსაპოვებლად. რამდენიმე წლის წინ მიხეილ სააკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარედ უმცირესობისგან შემდგარმა კოალიციამ აირჩია.


22 ივნისს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ საკრებულო და მერი ერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგებლები იქნებოდნენ, რაც ხელს შეუწყობდა მუნიციპალიტეტში პოლიტიკური დაძაბულობის თავიდან აცილებას და დედაქალაქში რეფორმების განხორციელებას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)