Site icon Civil.ge

რუსული სამხედრო ტექნიკა ბათუმს 30 ივლისს დატოვებს

საქართველოს გენშტაბისა და ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფების შტაბის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრისას, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბათუმის რუსული სამხედრო ბაზიდან ტექნიკის პირველი ეშელონი გასვლას 30 ივლისს დაიწყებს.


ეს პროცესი ჯერ კიდევ დღეს უნდა დაწყებულიყო, თუმცა რუსულმა მხარემ თბილისის მიერ გაუცემელი საჭირო დოკუმენტაცია და ვიზების არ არსებობა მოიმიზეზა და შესაბამისად ტექნიკის გაყვანის დაწყება გადაიდო.


“ქართული მხარე დაგვპირდა, რომ ყველა საჭირო დოკუმენტაციას დღეს მივიღებთ, უკვე ხვალ, დილის 7 საათზე კი დაიწყება ჯავშანტექნიკის გატანა”, განუცხადა ჟურნალისტებს ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფების შტაბის მეთაურის მოადგილემ ვლადიმერ ყუფარაძემ.


საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, რომელიც ვალდებულია გასცეს შესაბამისი ლიცენზია ტექნიკის გადაადგილებასთან დაკავშირებით,  აცხადებს, რომ რუსულმა მხარემ საჭირო დოკუმენტების მისაღებად სამინისტროს 28 ივლისს მიმართა, ხოლო სამინისტრომ ეს დოკუმენტაცია ერთი დღის ვადაში გასცა, რაც ჩვეულებრივ შემთხვევებში ერთი თვის ვადაში კეთდება.


ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმაც გააკეთა და განაცხადა, რომ საქართველო დაინტერესებულია რუსული ბაზების გაყვანით და ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)