Site icon Civil.ge

რუსი დეპუტატი სამხრეთ ოსეთზე საუბრობს

რუსეთის სათათბიროს დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თვამჯდომარემ  ანდრეი კოკოშინმა თბილისის სამშვიდობო ინიციატივა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის დარეგულირების შესახებ „არასერიოზულად“ შეაფასა და განაცხადა, რომ საქართველოს მხრიდან  ძალის გამოყენების შემთხვევაში რუსეთი მკაცრ ზომებს გაატარებს, იტყობინება სააგენტო „რია ნოვოსტი“ 4 აგვისტოს.


კოკოშინმა სამხრეთ ოსეთის შესახებ მოსკოვში 4 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. „მე არ გამოვრიცხავ რუსეთის ყველაზე მკაცრ რეაქციას, თუ საქართველო ეცდება სამხრეთ ოსეთის პრობლემის ძალისმიერი გზით მოგვარებას, ვიმედოვნებ, რომ ეს ასე არ მოხდება,“ – განაცხადა რუსმა დეპუტატმა და იქვე დასძინა, რომ რეგიონის მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა.


„სააკაშვილის წინადადება სამხრეთ ოსეთისთვის გახდეს ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში არის პროპაგანდისტული კამპანია, გათვლილი დასავლეთის აუდიტორიაზე,“ – განაცხადა კოკოშინმა.


ამ სამშვიდობო ინიციატივას, რომელიც სამხრეთ ოსეთისთვის ფართო ავტონომიას გულისხმობს, ანალოგიური შეფასება მისცა ცხინვალის ხელისუფლებამაც.


კოკოშინმა ასევე განაცხადა, რომ ძნელია ენდო საქართველოს ხელისუფლებას მაშინ როდესაც თბილისმა აჭარის ავტონომია საგრძნობლად შეამცირა.


This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)