Site icon Civil.ge

ბაღაფში გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში 10 აგვისტოს სოხუმში გაეროს გენერალური მდივნის საქართველოს მეგობარი ქვეყნების (საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი და აშშ) ელჩებს შეხვდა.


აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, დღეისათვის აფხაზეთის ეკონომიკაში მხოლოდ რუსი მეწარმეები ახორციელებენ ინვესტიციებს, „თუმცა აფხაზეთი მზად არის განიხილოს სასარგებლო წინადადებები სხვა ქვეყნების ინვესტორებისგან“.


საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესის“ ცნობით, სერგეი ბაღაფშმა ასევე აღნიშნა, რომ „აფხაზეთის მხარე  მზად არის ჟენევის ფორმატში მშვიდობიანი მოლაპარაკები განაგრძოს [ქართულ მხარესთან] და განიხილოს ეკონომიკური პროექტები სოჭის შეთანხმების საფუძველზე.


სოჭში 2003 წლის მარტში საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტები საქართველო-რუსეთს შორის აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასა და პარალელურად გალის რაიონში ქართველი დევნილების დაბრუნებაზე შეთანხმდნენ.


“აფსნიპრესის” ცნობით, აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ მაილსმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ ჯონ ტეფტს, რომელიც მაილსს რამდენიმე თვეში შეცვლის, უკვე მიეცა დავალება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ აქტიურად ჩაერთოს აფხაზეთის სამშვიდობო პროცესში.


გერმანიის ელჩმა საქართველოში უვე შრამმა მოუწოდა აფხაზეთის ლიდერს გაათავისუფლოს ის ქართველები, რომლებიც აფხაზმა სამართალდამცავებმა თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ივლისში ტყის უკანონო ჭრის ბრალდებით დააკავეს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)