შალვა რამიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში, 30 აგვისტო. |
საქმე ძირითადად ორ მხარეს ეხება – შალვა რამიშვილს და პარლამენტარს, “ნაციონალური მოძრაობის“ წევრს კობა ბექაურს. ეს უკანასკნელი აცხადებს, რომ რამიშვილი მას აშანტაჟებდა და 100 000 აშშ დოლარის გადახდას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში საბაჟო ტერმინალთან დაკავშირებით ბექაურის უკანონო საქმიანობის შესახებ კომპრომატების გამოქვეყნებით იმუქრებოდა.
რამიშვილის საქმე
სასამართლო პროცესზე შალვა რამიშვილმა, რომელიც თავს უდანაშაულოდ თვლის, პირველი განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც იგი 27 აგვისტოს დააპატიმრეს.
“პირველი, მე არასოდეს არ დამიშანტაჟებია და არ გამომიძალავს ფული დაზარალებული კობა ბექაურისაგან. პირიქით ბოლო სამი თვის მანძილზე დაზარალებული ბექაური სისტემატიურად მაწუხებდა მე და ბევრ ჩემ მეგობარსა და კოლეგას შანტაჟით, მუქარით იმის თაობაზე, რომ ეს [ბექაურის საქმიანობის მაკომპრომეტირებელი] ფილმი არ უნდა გასულიყო. ეს იცის უამრავმა ადამიანმა, არსებობს უამრავი მოწმე და თვითმხილველი ამ ფაქტისა, რაც ობიექტური გამოძიებით დადასტურდება“, განაცხადა შალვა რამიშვილმა.
იურიდიულმა ექსპერტმა და ოპოზიციური “რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა თინა ხიდაშელმა უკვე განაცხადა, რომ იგი “რამდენჯერმე“ გახდა მოწმე იმისა, რომ დეპუტატი ბექაური ურეკავდა რამიშვილს და სთხოვდა მას არ გაეშვა საგამოძიებო მასალა მისი საქმიანობის შესახებ. “შალვა [რამიშვილი] ძალიან გაბრაზდა და ეუბნებოდა მას [ბექაურს], რომ აღარ დაერეკა“, განაცხადა ხიდაშელმა.
თავის განცხადებაში სასამართლო პროცესზე რამიშვილმა საქმის ახალი დეტალიც გააჟღერა.
“მე დამიკავშირდა ჩემი და ბექაურის საერთო ნაცნობი, რომელმაც შემომთავაზა თანხის აღება იმაში, რომ ეს ფილმი არ გასულიყო. ამ ადამიანის პატიოსნებაში მე ჯერ–ჯერობით ეჭვი არ მეპარება და მისი [საგამოძიებო] ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი ბედისათვის. ეს გახლავთ იმ სახლის პატრონი, რომელშიც მოხდა ფულის აღება“, განაცხადა რამიშვილმა, თუმცა ბინის მეპატრონის სახელის დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.
საუბარი რამიშვილსა და ბექაურს შორის, რომელიც პოლიციამ ფარული კამერით გადაიღო აბაშიძის N35–ში შედგა.
რამიშვილმა ასევე ისაუბრა პოლიციის მიერ ფარული კამერით გადაღებულ ვიდეომასალაზე, რომელშიც ნაჩვენებია, თუ როგორ იღებს რამიშვილი ფულს – 30 000 აშშ დოლარს – ბექაურისგან. ოპერატიულ მასალაში ნათლად ჩანს, თუ როგორ შეთანხმდნენ ისინი, რომ ბექაური მისცემდა რამიშვილს დანარჩენ 70 000 აშშ დოლარს რამდენიმე დღეში. რამიშვილის თქმით, ფულის აღება ბექაურისგან უნდა გამხდარიყო ბექაურის უკანონო საქმიანობის შესახებ საგამოძიებო სიუჟეტის ნაწილი.
“რატომ დავთანხმდი თანხის აღებას და რა ნახა საზოგადოებამ ეკრანებზე? იმ დროს, როდესაც დაზარალებული ბექაურის ქმედებებმა ყოველგვარ ზღვარს გააჭარბა, მე [სტუდია “რეპორტიორის“ ჟურნალისტ] კომახიძესთან შეთანხმებით გადავწყვიტე მეწარმოებინა ფარული გადაღება იმისა, თუ რამდენ ფულს იხდის ბექაური იმიტომ, რომ ეს ყოველივე არ გასულიყო“, განაცხადა შალვა რამიშვილმა.
რამიშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ დღესდღეობით პროკურორების ერთადერთ სამხილს წარმოადგენს დეპუტატ ბექაურის ჩვენება, რომელიც აცხადებს, რომ იგი დააშანტაჟეს. მათი თქმით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, შანტაჟს და ფულის გამოძალვას მხოლოდ დაშინების ფაქტის არსებობის შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს ადგილი. მაგრამ, პოლიციის მიერ გადაღებულ მასალაში რამიშვილის მხრიდან დაშინებას ადგილი არ აქვს.
დეპუტატ ბექაურის საქმე
ბექაური საბაჟო ტერმინალში საკუთარი წილის
არსებობას ადასტურებს, მაგრამ კანონსაწინააღ–
მდეგო ქმედებებს უარყოფს.
დეპუტატ კობა ბექაურის შესახებ კომპრომატები გახდა მთლიანი საქმის მთავარი ელემენტი, რასაც შესაძლოა სერიოზული პოლიტიკური შედეგები მოჰყვეს “ნაციონალური მოძრაობისთვის“.
ჟურნალისტთა ჯგუფი სტუდია “რეპორტიორი“-დან, რომელიც ტელეკომპანია “202”–სთვის ჟურნალისტურ გამოძიებებს ამზადებს, მუშაობდა დეპუტატ კობა ბექაურის უკანონო საქმიანობის გამოძიებაზე, რომელიც საბაჟო ტერმინალ “ოპიზას“ უკავშირდება. ტერმინალი, რომლის მფლობელიც კობა ბექაურია, საქართველოს საბაჟო სამსახურს აქვს ნაქირავები.
“რეპორტიორის“ დირექტორმა ვახტანგ კომახიძემ განაცხადა, რომ ჟურნალისტური გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც აღმოაჩინა, რომ დეპუტატ ბექაურის ქონება 394,000 ლარით გაიზარდა მისი გადეპუტატების შემდეგ.
“კობა ბექაურმა ეს შემოსავალი [150 000 აშშ დოლარის ოდენობის] სესხით ახსნა, რომელიც ისრაელში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენისგან აიღო. აქ ყველაზე მთავარი ის გახლავთ, რომ სესხი უპროცენტოა, ანუ შეღავათიანი. საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად კი, შეღავათი საჩუქართანაა გათანაბრებული და წერია, რომ თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს უფლება აქვს მიიღოს საჩუქარი, თუ ერთი წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრის საერთო ღირებულება არ აღემატება საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობას. 150 000 აშშ დოლარი კი ბევრად მეტია“, აცხადებს კომახიძე.
“გარდა ამისა, ბექაურის მეუღლემ ნასესხები თანხის ნაწილით საბაჟო ტერმინალ “ოპიზას“ აქციები შეიძინა. კანონი საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ საჯარო პირს კერძო საწარმოს მართვაში მონაწილეობის მიღებას უკრძალავს. ჩვენ კი გვაქვს ფარული ჩანაწერი, რომელშიც ნათლად ჩანს, რომ კობა ბექაური ფაქტობრივად მართავს ამ საწარმოს“, განაცხადა კომახიძემ.
ქართული მედიისთვის მიცემულ რამდენიმე ინტერვიუში კობა ბექაური აღიარებს, რომ მან ნამდვილად ისესხა 150,000 აშშ დოლარი და “ამ თანხის ნაწილით ტერმინალ “ოპიზას“ აქციები შეიძინა”. მან აქვე დასძინა, რომ ყველაფერი კანონიერად გაკეთდა. მისი თქმით, იგი მხოლოდ იმიტომ დათანხმდა რამიშვილისთვის ფულის მიცემას, რომ “ქართულ მედიაში არსებული კორუფცია ემხილა“. “სხვა შემთხვევაში მე არაფერს არ გადავიხდიდი, რადგანაც უკანონო არაფერი ჩამიდენია“, განაცხადა კობა ბექაურმა.
თუმცა, ბექაურის რამდენიმე კოლეგამ “ნაციონალური მოძრაობიდან“ ეჭვები გამოთქვა ამ განცხადებების თაობაზე და პარტიას ბექაურის საქმიანობის განხილვა მოსთხოვა.
“აუცილებლად დავაყენებ ფრაქციის სხდომაზე ბექაურის ირგვლივ შექმნილ სიტუაციის განხილვის საკითხს, რადგან საზოგადოებას და მათ შორის დეპუტატებს ბევრი შეკითხვა დაებადა, რომლებზეც ჩვენ მაინც უნდა მივიღოთ პასუხი“, განაცხადა დეპუტატმა ელენე თევდორაძემ 29 აგვისტოს. მის მოთხოვნას ასევე შეუერთდა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე დავით ზურაბიშვილი.
“ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, დეპუტატმა მაია ნადირაძემ განაცხადა, რომ ფრაქციის წევრები ამ საკითხს 4 სექტემბერს უმრავლესობის სხდომაზე განიხილავენ.
ქართული მედია უკვე ვარაუდობს, რომ თუ ბექაურის უკანონო საქმიანობა დადასტურდება, საქმე ასევე გამოავლენს მმართველი პარტიის სხვა წევრების უკანონო საქმიანობასაც ტერმინალ “ოპიზა“-სთან დაკავშირებით. თუმცა ბექაურს მაღალი თანამდებობა უკავია პარტიაში – იგი საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეა, თუმცა იგი გავლენიანი ფიგურა არასდროს ყოფილა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)