სტუდია “რეპორტიორის“ მიერ პარლამენტარ კობა ბექაურის უკანონო ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით მომზადებული ფილმი დღეს, 13 სექტემბერს ტელეკომპანია “202”-ის ეთერში 21:30 საათზე, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლობის ეთერში 14 სექტემბერს 22:00 საათზე გავა.
სტუდია “რეპორტიორის“ დირექტორის ვახტანგ კომახიძის ინფორმაციით, ფილმი 30 წუთიანია და მასში ასახულია კობა ბექაურის უკანონო საქმიანობა საბაჟო ტერმინალ “ოპიზა“-სთან დაკავშირებით.
საზოგადოებრივი მაუწყებლობის ხელმძღვანელმა თამარ კინწურაშვილმა უკვე იხილა აღნიშნული ფილმი და განაცხადა, რომ საზოგადოების მხრიდან ამ ფილმის მიმართ დიდი ინტერესის გამო, საზოგადოებრივი მაუწყებლობის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება ფილმის ჩვენების თაობაზე.
სიუჟეტი 27 აგვისტოს ტელეკომპანია “202”-ის თანადამფუძნებლის შალვა რამიშვილის დაპატიმრების მიზეზი გახდა. ბექაურის განცხადებით, შალვა რამიშვილი მას ფულს სძალავდა ფილმის დაბლოკვის სანაცვლოდ. რამიშვილი, რომელიც წინასწარ სამთვიან პატიმრობაში იმყოფება, ამ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ დეპუტატი მის დაშინებას ახორციელებდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)