Site icon Civil.ge

ტელეკომპანია “202“-მა ბექაურის შესახებ საგამოძიებო ფილმი გაუშვა

ტელეკომპანია “202“-მა 13 სექტემბერს საგამოძიებო ფილმი გაუშვა, რომელიც დეპუტატ კობა ბექაურს უკანონო ბიზნეს საქმიანობაში ამხელს.


ეს ფილმი საფუძველი გახდა იმ სკანდალისა, რომელიც ტელეკომპანია “202“-ის თანადამფუძნებლის შალვა რამიშვილის დაპატიმრებას უკავშირდება. ბექაური აცხადებს, რომ რამიშვილი მას 100,000 აშშ დოლარს სძალავდა ფილმის დაბლოკვის სანაცვლოდ. რამიშვილის თქმით, ბექაურმა გამოძალვის საქმე შეთითხნა.


სიუჟეტის თანახმად, დეპუტატი კობა ბექაურის კაპიტალი 294,000 ლარით გაიზარდა მას შემდეგ, რაც იგი ერთი წლის წინ პარლამენტარი გახდა. ინტერვიუში, რომელიც ამ ფილმის ნაწილია, კობა ბექაური აღიარებს, რომ მან ისრაელში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენისგან 150 000 აშშ დოლარის ოდენობის უპროცენტო სესხი აიღო. საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად კი, უპროცენტო სესხი საჩუქართანაა გათანაბრებული. კანონში წერია, რომ თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს უფლება აქვს მიიღოს საჩუქარი, თუ ერთი წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრის საერთო ღირებულება არ აღემატება საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობას – 150,000 აშშ დოლარი კი ბევრად აღემატება ამ თანხას.


კობა ბექაურმა ისიც აღიარა, რომ ამ თანხის ნაწილით მან ტერმინალ “ოპიზას“ აქციები შეიძინა. გავრცელებული ინფორმაციით, “ოპიზას“ აქციების 20% ბექაურის მეუღლის სახელზეა გაფორმებული. თუმცა, საგამოძიებო სიუჟეტის თანახმად, ბექაური პირდაპირ მონაწილეობს ტერმინალის მართვაში. კანონი ასევე უკრძალავს საჯარო მოხელეებს მონაწილეობა მიიღონ კერძო საწარმოების მართვაში.


ინტერვიუში კობა ბექაური უარყოფს ყველა ბრალდებას და აცხადებს, რომ თავისი კომერციული საქმიანობით მას კანონი არ დაურღვევია. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)