Site icon Civil.ge

სამხედრო ექსპერტის განსხვავებული ვერსია მწყობრიდან გამოსული ტექნიკის შეძენაზე

სამხედრო ანალიტიკოსმა ირაკლი ალადაშვილმა გაზეთ “კვირის პალიტრაში“ 26 სექტემბერს დაბეჭდილ სტატიაში განაცხადა, რომ BMP-2-ის ტიპის 38 ერთეული საბრძოლო ტექნიკა არასწორი ექსპლოატაციის შედეგად გამოვიდა მწყობრიდან. ეს ვარაუდი წინააღმდეგობაში მოდის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვერსიასთან, რომლის თანახმადაც მანქანები გასულ წელს უკრაინაში შესყიდვისთანავე გაუმართავი იყო.


სამხედრო პოლიციამ 22 სექტემბერს თავდაცვის სამინისტროს ლოჯისტიკის სამმართველოს სამი მაღალჩინოსანი სახელმწიფოს კუთვნილი თანხების არამიზნობრივად ხარჯვის ბრალდებით დააკავა. ლოჯისტიკის სამმართველოს ყოფილი უფროსს, პოლკივნიკ მამუკა ლომსაძეს და ამავე დეპარტამენტის კიდევ ორ თანამშრომელს დავით ნატროშვილს და ბესარიონ ბუკვაიძეს, რომელთაც 23 სექტემბერს უკვე მიესაჯათ წინასწარი სამთვიანი პატიმრობა, დაახლოებით 40 ერთეული BMP-2-ის ტიპის გამოუსადეგარი ჯავშანტექნიკის შესყიდვაში ედებათ ბრალი.


“საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯგუფი უკრაინაში გასული წლის ოქტომბერში ჩავიდა. ჯგუფმა ნიკოლაევის სახელობის ქარხნიდან 10 BTR-80-ის ტიპის ჯავშანმანქანა შეისყიდა. ამ გარიგების შემდეგ ჯგუფი ქალაქ ჟიტომირში გაემგზავრა, რათა 40 საბრძოლო მანქანა ადგილობრივ ქარხანაში შეერჩიათ. პროცესი 2004 წლის დეკემბრამდე გაგრძელდა… შეკეთების შემდეგ მანქანები ქართულმა კომისიამ შეამოწმა. შემოწმების პროცესში თითოეულმა მანქანამ სულ ცოტა 100 კილომეტრი გაიარა“, – აცხადებს ირაკლი ალადაშვილი სტატიაში.


ავტორი ასევე აცხადებს, რომ შეიარაღებული ძალების შტაბის მეთაური ლევან ნიკოლეიშვილი, რომელიც მაშინ შტაბის მეთაურის მოადგილე იყო, ლოჯისტიკას კურირებდა, “ამგვარად, ის იყო პასუხისმგებელი საზღვარგარეთ ნაყიდი მანქანების შემოწმებაზე“.


ის ფაქტი, რომ ჯავშანტექნიკა მწყობრიდან იყო გამოსული, ივლისში ორფოლოს საწვრთნელ ბაზაზე ჩატარებული ერთთვიანი სამხედრო წვრთნების – კოდური სახელწოდებით “ჯავშანი-2005” – დროს გამოვლინდა. ეს აღმოჩენა შესყიდვიდან რამდენიმე თვეში გაკეთდა.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 40-დან  38 მანქანა უკვე შესყიდვის მომენტში მწყობრიდან იყო გამოსული. თუმცა, სამხედრო ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ეს რაოდენობა გაზვიადებულია და მხოლოდ 11 მანქანას აქვს სერიოზული ხარვეზები. ირაკლი ალადაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მანქანების არაპროფესიონალურმა მართვამ მათი მწობრიდან გამოსვლა გამოიწვია. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)