Site icon Civil.ge

სალომე ზურაბიშვილი ეუთოს სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით აკრიტიკებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა 28 სექტემბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ეუთომ ვერ შეძლო მნიშვნელოვანი როლი შეესრულებინა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების საქმეში.


“გასული წლის აგვისტოს ჩვენ მოვითხოვეთ იქ [ეუთოს შტაბ-ბინაში ვენაში], რომ [სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის] დემილიტარიზაცია და მონიტორინგი პრიორიტეტი– რეალური პრიორიტეტი გამხდარიყო ეუთოსთვის და ასევე მოვითხოვეთ [ეუთოს] დამკვირვებელთა რაოდენობის გაზრდა. თუმცა ამას ვერ მივაღწიეთ. თუ ეუთომ ვერ დაგვანახა იქ, რომ მას შეუძლია რაიმე პროგრესის მიღწევა, ჩვენ ვერ დავიჯერებთ, რომ ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია ჩვენი კონფლიქტების მოგვარება“,–განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პრეს-კონფერენციაზე.


ცხინვალის ოფისის და თავისი დამკვირვებლების საშუალებით ეუთო აგროვებს ინფორმაციას კონფლიქტის ზონაში არსებული სიტუაციის თაობაზე, ასევე აკონტროლებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევას.


ეუთო დიდი ხანია, რაც სამხრეთ ოსეთის მხარის კრიტიკის საგანი გახდა. ცხინვალი ორგანიზაციის დამკვირვებლებს მიკერძოებულ მონიტორინგში და ქართული მხარის სასარგებლოდ კონფლიქტის ზონაში განვითარებული მოვლენების არაობიექტურ შეფასებაში სდებს ბრალს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)