სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგანგებო დავალებათა მინისტრმა ბორის ჩოჩიევმა 28 სექტემბერს განაცხადა, რომ შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სტატუსი უნდა გაიზარდოს, რათა კომისიას უფრო მეტი უფლებამოსილება მიენიჭოს.
“ჩვენ დროებით შევწყვიტეთ მოლაპარაკებების პროცესი. თუ საქართველოს სურს მოლაპარაკებების გაგრძელება, ჩვენ მოვითხოვთ ამ პროცესის სტატუსის გაზრდას, რაც იმას ნიშნავს, რომ შეთანხმებებს ხელს მოაწერენ ის [ოფიციალური] პირები, რომლებიც შემდეგ პასუხისმგებელნი იქნებიან მათ შესრულებაზე“, – განაცხადა ბორის ჩოჩიევმა საქართველოში ბელგიის ელჩთან დანიელ დელ მარმოლთან ცხინვალში 28 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე, იტყობინება სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტი.
27 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ლიდერი ედუარდ კოკოითი ასევე გამოვიდა შსკ-ს სტატუსის გაზრდის წინადადებით, რათა ეს ორგანო კონფლიქტის მოგვარებისთვის უფრო მნიშვნელოვანი მექანიზმი გახდეს.
შსკ ქართულ, სამხრეთ ოსურ, რუსულ და ჩრდილეოთ ოსურ მხარეებს აერთიანებს. იგი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 1992 წლის შეთანხმების შესრულების მიზნით შეიქმნა.
ეს ოთხმხრივი ორგანო ქართული მხარისთვის არახელსაყრელ პირობებს ქმნის მოლაპარაკებების პროცესში, რადგანაც თბილისი არა მხოლოდ სამხრეთ ოსურ მხარესთან ოპონირებს შსკ-ში, არამედ რუსულ და ჩრდილოეთ ოსურ მხარეებთანაც, რომლებიც, ოფიციალური თბილისის განცხადებით, ვერ მოქმედებენ როგორც მიუკერძოებელი შუამავლები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)