4 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვალერი ლოშინინიმა შეხვედრა გამართა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან ედურდ კოკოითთან და განიხილა ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონაში 20 სექტემბერს ცხინვალის დაცხრილვის შემდეგ გამწვავებული ვითარება.
მოსკოვმა სამხრეთ ოსური მხარის მზადყოფნის გათვალისწინებით გამოთქვა სურვილი “დაუყოვნებლივ“ შეიქმნას ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი კონფლიქტის დარეგულირების პროცესში მონაწილე მხარეთა და ასევე ეუთოს ექსპერტების მონაწილეობით, რათა 20 სექტემბერს მომხდარი ფაქტის დაწყებული გამოძიება ბოლომდე იქნას მიყვანილი.
რუსეთის საგარეო უწყების 5 ოქტომბრის საინფორმაციო შეტყობინებაში ასევე ნათქვამია, რომ ლოშინინმა და კოკოითმა განიხილეს შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის შესახებ წინადადებები, “პირველ რიგში არსებული მექანიზმების –შერეული საკონტროლო კომისიისა (შსკ) და შერეული სამშვიდობო ძალების ფარგლებში“.
“აღინიშნა იმ ძალების განზრახვის დესტრუქციული ხასიათი, რომელთაც სურთ ჩაშალონ მოლაპარაკებებისა და სამშვიდობო მოქმედი ფორმატი“,– ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
ცოტა ხნის წინ თბილისმა განაცხადა, რომ შსკ კონფლიქტის მოგვარების არაეფექტური მექანიზმია. ასევე საქართველოს პარლამენტში მომზადებულია დადგენილება, რომლის მიხედვით, თუ 2006 წლის 10 თებერვლამდე რუსი სამშვიდობოები დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას ვერ მოახერხებენ, ისინი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონას 15 თებერვლიდან დატოვებენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)