პარლამენტარებმა “ნაციონალური მოძრაობიდან“ საგარეო საქმეთა სამინისტრო გააკრიტიკეს იმ რეაქციის გამო, რომელიც გავლენიანი დეპუტატების მიერ საგარეო უწყების მისამართით გამოთქმულ საყვედურებს მოჰყვა ეროვნულ უმცირესობათა შესახებ ჩარჩო კონვენციის პარლამენტში დაგვიანებით წარდგენის გამო.
“ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის დავით კირკიტაძის საპასუხოდ, რომელმაც საგარეო საქმეთა მინისტრს სალომე ზურაბიშვილს “დაუდევარი“ უწოდა, საგარეო უწყებამ 14 ოქტომბერს განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც დაგმო “კრიტიკა იმ ადამიანის მისამართით, რომელიც წარმოადგენს მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეს. ეს განცხადება მიუღებელია, როცა საქმე ეხება საგარეო საქმეთა მინისტრს [სალომე ზურაბიშვილი] და იმ დროს, როცა ის ვიზიტად სხვა ქვეყანაში იმყოფება“.
“მე მაკვირვებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება საქართველოს პარლამენტის შესახებ. ვფიქრობ, რომ ეს არ არის ნორმალური ქმედება“, – განაცხადა პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა 17 ოქტომბერს.
ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ “ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ეს ქმედება არასწორ ნაბიჯად მიგვაჩნია“.
“ყველა დეპუტატს აქვს უფლება გააკეთოს კრიტიკული განცხადება, მითუმეტეს როცა ეს კრიტიკა საფუძვლიანია“, – განაცხადა დეპუტატმა ელენე თევდორაძემ 17 ოქტომბერს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)