საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ლტოლვილთა და განსახლების ახალი მინისტრი პარლამენტარი გია ხევიაშვილი წარადგინა. პრეზიდენტის განცხადებით, სამინისტროს ფუნქციები გაფართოვდება და შესაბამისად განსახლების და საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეთა სამინისტროს სახელწოდება მიენიჭება.
“ეს [სამინისტროს ფუნქციების გაზრდა] განპირობებულია იმით, რომ დღეს რეალურად ქართველების დიდი ნაწილი ცხოვრობს ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მსოფლიოში ასობით ათასი ქართველი ცხოვრობს და მათი უმეტესობა მეზობელ თუ შორეულ ქვეყნებშია. ჩვენ აქამდე სამთავრობო პოლიტიკა ამ მიმართულებით პრინციპების დონეზე გვქონდა გაცხადებული, მაგრამ მისი აღსრულების მექანიზმები შექმნილი არ იყო. ჩვენ გასულ წელს შემოვიტანეთ ორმაგი მოქალაქებობა, რომელიც ათასობით ჩვენმა თანამემამულემ მიიღო, მაგრამ ჩვენ გვინდა ეს იყოს ასობით ათასი ადამიანი. ჩვენ გვინდა ფართო კულტურული კავშირები არსებობდეს ჩვენს თანამემამულეებთან… ეს არის ქართული სახელმწიფოს ისტორიული ამოცანა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
დღევანდელ ბრიფინგზე ახალ მინისტრს პრეზიდენტმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან დევნილი მოსახლეობის მიერ მიტოვებული ქონების დეტალურად აღწერა დაავალა.
“გიას [ხევიაშვილს] ვავალებ, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ბევრად უფრო დეტალურად უნდა აღვწეროთ თითოეული ადამიანის მიერ მიტოვებული ქონება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში… ჩვენ რესტიტუციის კანონს ვიხილავთ და აფხაზეთში თითოეული ქართველისა და სხვა ეროვნების მოქალაქის მიერ დაცლილი ყველა სახლი უნდა იქნას აღწერილი, დოკუმენტირებული, ფოტოგრაფირებული და დაბრუნებული მათი კანონიერი მფლობელებისთვის ქართული სახელმწიფოს მიერ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ კონფლიქტის ზონებში ქონების უკანონო მფლობელებს, დევნილთა კუთვნილი ქონება არ შერჩებათ.
“ჩვენ ამ ქონებაზე უნდა გვქონდეს სრული დოკუმენტაცია და ვემზადოთ ამ ქონების კანონიერ მფლობელობაში აღსადგენად. ამისათვის დიდი სამუშაო უნდა იყოს გაწეული“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის თქმით, ყოფილი მინისტრი ეთერ ასტემიროვა სახელმწიფო სამსახურში გააგრძელებს მუშაობას, თუმცა უცნობია რა თანამდებობაზე. “ჩვენ არც ერთ კონმპეტენტურ კადრს არ ვკარგავთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა ეთერ ასტემიროვას მისამართით.
ეთერ ასტემიროვამ თანამდებობა დღეს საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)