აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თავის უკრაინელ კოლეგას ვიქტორ იუშჩენკოს 4 ნოემბერს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ კიევის გადაწყვეტილება აზერბაიჯანის ოპოზიციის ლიდერის რასულ გულიევის გათავისუფლების თაობაზე “აზერბაიჯანელი ხალხისთვის მოულოდნელი“ იყო, ეს არ უწყობს ხელს ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას, ასევე სუამის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა) ფარგლებში ურთიერთობებს, იტყობინება აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრეს-სამსახური.
აზერბაიჯანის ოპოზიციის ლიდერი რასულ გულიევი იძულებული გახდა ოქტომბერში უკრაინაში ჩასულიყო, მას შემდეგ, რაც ის წარუმატებლად შეეცადა აზერბაიჯანში დაბრუნებას 6 ნოემბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ, რადგანაც მის თვითმფრინავს ბაქოში დაჯდომის უფლება არ მისცეს. თუმცა, უკრაინის სასამართლომ გულიევის გათავისუფლების თაობაზე მიიღო გადაწყვეტილება. რასულ გულიევი უკრაინის პოლიციამ აზერბაიჯანის მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე დააკავა. გულიევი აზერბაიჯანში 117 მილიონ აშშ დოლარის მითვისების გამო იძებნება.
ლონდონში დაბრუნებულმა გულიევმა ოფიციალური თბილისის წინააღმდეგ გააკეთა გაანცხადება და ტელეკომპანია “იმედი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გააფრთხილა იგი, რომ მას დააპატიმრებდნენ, თუ საქართველოში ჩავიდოდა. მან ასევე გააკრიტიკა პრეზიდენტი სააკაშვილი ილჰამ ალიევის პოლიტიკის, როგორც ქვეყნის სწორი კურსის, მხარდაჭერის გამო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)