Site icon Civil.ge

სისხლის სამართალში ცვლილებებმა საპარლამენტო დებატები გამოიწვია

დღეს პარლამენტმა სისხლის სამართლისა და საპროცესო კოდექსში ცვლილებათა პაკეტი პირველი მოსმენით განიხილა, რომლის ირგვლივაც საკანონმდებლო ორგანოში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ცვლილებები პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა წარადგინა.


ცვლილებების მიხედვით, უქმდება შინაპატიმრობა, როგორც აღმკვეთი ღონისძიების ერთ–ერთი ტიპი. ასევე მოწმის ანონიმური ჩვენების საფუძველზე შესაძლებელი ხდება საქმის აღძვრა. ამას გარდა ცვლილებები შეეხება სასამართლო პროცესზე მედიის დაშვების საკითხსაც, კერძოდ მედიას ჩამწერი აპარატურის გამოყენება სასამართლო პროცესზე მხოლოდ სასამართლოს ნებართვის შემთხვევაში შეეძლება.


ამ ცვლილებებს ეწინააღმდეგება ოპოზიციური ფრაქცია “დემოკრატიული ფრონტი“, ასევე ფრაქცია “დამოუკიდებელი მაჟორიტარები“ და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე. კანონპროექტის ოპონენტების განცხადებით, ცვლილებების მიღების შემთხვევაში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ სერიოზული პრობლემები შეიქმნება.


“შინაპატიმრობის გაუქმება კიდევ უფრო გაზრდის სამთვიანი წინასწარი პატიმრობის შემთხვევებს, ასევე შეიზღუდება მედიის მიერ სასამართლოს საქმიანობის გაშუქება და ანონიმური განცხადებების, დასმენის საფუძველზე შესაძლებელი იქნება ადამიანების დაპატიმრება“, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ კახა კუკავამ “დემოკრატიული ფრონტიდან“.


თუმცა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წარმომადგენელთა განცხადებით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები პროგრესული ხასიათისაა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)