Site icon Civil.ge

საგარეო უწყება გალში მოქალაქის გატაცების ფაქტს გმობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 10 ნოემბერს სპეციალურ განცხადებაში შეშფოთებას გამოთქვამს გალის რაიონის სოფელ საბერიოდან 8 ნოემბერს დაუდგენელი პირების მიერ 68 წლის რევაზ ჯახაიას გატაცების გამო.


“აღნიშნული ფაქტი აშკარად მეტყველებს, რომ სამშვიდობო ძალები უკეთეს შემთხვევაში თვალს ხუჭავენ სეპარატისტული ხელისუფლების ე.წ. სამართალდამცავი ორგანოების მფარველობის ქვეშ მყოფი შეიარაღებული კრიმინალური დაჯგუფებების ქმედებაზე, რომლებიც ეთნიკურად ქართული მოსახლეობის მიზანმიმართულ ტერორს ახორციელებენ“, – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცლებულ განცხადებაში.


კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსი სამშვიდობოები საგარეო უწყების კრიტიკის ობიექტები 5 ნოემბერსაც გახდნენ, როდესაც აფხაზურ ჯარში სამსახურზე უარის თქმის გამო გალის რაიონის მკვიდრი 21 წლის ქართველი დანიელ წურწუმია ცემის შედეგად გარდაიცვალა.


საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის თავისუფლებების უხეში დარღვევის ფაქტების მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის უყურადღებობამ და შესაბამისი შეფასების გაკეთებაზე თავის შეკავებამ, “შესაძლოა ისედაც უკიდურესად დაძაბული მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარამდე მიიყვანოს და უმძიმესი შედეგები გამოიღოს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)