დღეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ხუთი ახალი ელჩის კანდიდატურა განიხილა, რომლებიც პრეზიდენტმა პარლამენტს დასამტკიცებლად ცოტა ხნის წინ წარუდგინა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად წარდგენილია თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვასილ სიხარულიძე, რომელიც ლევან მიქელაძეს შეცვლის.
ლევან მიქელაძის აშშ–დან გამოწვევის პროცედურის დასრულების შემდეგ, პარლამენტი მისი შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად, ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუდმივ წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას.
საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე კონსტანტინე ქავთარაძე წარდგენილია პოლონეთში საქართველოს ელჩად, ხოლო ეუთო–ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე ავსტრიისა და უნგრეთის რესპუბლიკებში ელჩობასაც შეითავსებს. სლოვაკიასა და სლოვენიის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად წარდგენილია ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი.
მომავალ კვირას პარლამენტი კენჭს უყრის ასევე ესპანეთის სამეფოდან საქართველოს ელჩის ლაშა ოთხმეზურის, სლოვაკიასა და სლოვენიიდან – ზაურ გამსახურდიას, ავსტრიისა და უნგრეთის რესპუბლიკებიდან კონსტანტინე ჟღენტის გამოწვევის საკითხს, რომლებიც ელჩებად ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის რეკომენდაციით დაინიშნენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)