საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 5 დეკემბერს პროტესტი გამოთქვა რუსეთის ფედერაციის ტელეკომპანია “ტვც“-ზე იგორ გიორგაძის ინტერვიუს ჩვენებასთან დაკავშირებით რუსეთის მხარის ქმედების გამო და კვლავ მოითხოვა გადაუდებელი ზომების მიღება იგორ გიორგაძის დაკავებისა და მისი საქართველოს მხარისათვის გადმოსაცემად.
“საქართველოს მხარის არაერთი მიმართვის, ნოტისა და განცხადების მიუხედავად, იმის შესახებ, რომ დაუშვებელია ინტერპოლის მიერ ძებნილი პირისათვის ტელეეთერის დათმობა, 2005 წლის 4 დეკემბერს, ტელეკომპანია “ტვც“-ზე, ამჯერად პროგრამა “მომენტ ისტინი“-ში, ისევ გამოჩნდა იგორ გიორგაძე, რომელმაც კვლავ გააკეთა შეურაცმყოფელი განცხადებები საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის მისამართით“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარში.
საგარეო უწყების გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ პირი, რომელიც ინტერპოლის მიერ 1995 წლიდან იძებნება ტერორიზმისა და საქართველოს პრეზიდენტზე თავდასხმის ორგანიზების ბრალდებით და რომლის ადგილსამყოფელი, დიდი ხნის განმავლობაში ვერ დაადგინეს რუსმა სამართალდამცავებმა, ადვილად ხელმისაწვდომია რუსი ჟურნალისტებისათვის.
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ასეთ ფაქტებს განიხილავს, როგორც მიზანმიმართულ პროვოკაციასა და არამეგობრულ ნაბიჯს რუსეთის ფედერაციის მხრიდან, აგრეთვე აღებული საერთაშორისო ვალდებულებების დემონსტრატიულ შეუსრულებლობას“, – ნათქვამია კომენტარში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)