დღეს პარლამენტმა კენჭი უყარა პრემიერ–მინისტრის წინაშე ფინანსთა მინისტრის ლექსო ალექსიშვილის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, რაც მისი გადაყენების პროცედურის დაწყებას ითვალისწინებდა. თუმცა ოპოზიციური ფრაქციის “დემოკრატიული ფრონტის“ ამ მოთხოვნას მხარი მხოლოდ 26 დეპუტატმა დაუჭირა და საკითხი ჩავარდა.
“დემოკრატიული ფრონის“ ერთ–ერთმა ლიდერმა კობა დავითაშვილმა ფინანსთა მინისტრის პასუხისმგებლობის საფუძვლად ლექსო ალექსიშვილის მიერ პარლამენტისთვის მიცემული ის პირობა დაასახელა, რომ მასწავლებლების ხელფასი 115 ლარამდე გაიზრდებოდა, რაც დავითაშვილის განცხადებით, არ შესრულდა. მან ალექსიშვილს “მატყუარა” უწოდა.
ლექსო ალექსიშვილის შესაძლო პასუხისმგებლობის საკითხი საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთმა ლიდერმა დავით კირკიტაძემ ჯერ კიდევ 6 დეკემბერს პარლამენტში საბიუჯეტო განხილვების დროს დააყენა და ფინანსთა მინისტრი საზღვრის დაცვის დეპარტამენტისთვის დაფინანსების გაზრდის შესახებ დეპუტატების მოთხოვნის იგნორირების გამო გააკრიტიკა.
თუმცა დღეს პარლამენტის სხდომაზე დავით კირკიტაძემ განაცხადა, რომ ფინანსთა მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების საფუძველი არ არსებობს.
ფინანსთა მინისტრს 9 დეკემბერს პარლამენტში მის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)