Site icon Civil.ge

მოსკოვი საქართველოს შესახებ ეუთოს მინისტერიალის განცხადებაზე კომენტარს აკეთებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 9 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთის მხარდაჭერა საქართველოს შესახებ ეუთოს მინისტერიალის განცხადებაზე არ ნიშნავს, რომ მოსკოვმა შეცვალა პოზიცია სამხრეთ ოსეთის თაობაზე და კერძოდ, თბილისის სამშვიდობო გეგმაზე.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო შეტყობინების თანახმად, ზოგიერთმა საინფორმაციო საშუალებამ ეს განცხადება ახსნა, როგორც რუსეთის მხარდაჭერა ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების გეგმისადმი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოქტომბერში გააჟღერა და როგორც “მოსკოვის მიერ სამხრეთ ოსეთის დათმობა“.


“ამგვარი ინტერპრეტაცია აბსოლუტურად უსაფუძვლოა. მე ვურჩევდი [ამ ინტერპრეტაციის] ავტორებს, რომ დეტალურად წაიკითხონ ლუბლიანაში ეუთოს მინისტრთა საბჭოს მიერ საქართველოს შესახებ მიღებული განცხადების ტექსტი. ეს დოკუმენტი მიესალმება ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს და გამოხატავს აზრს, რომ სამშვიდობო გეგმა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის [მიხეილ სააკაშვილის] მიერ გაეროს 59-ე ასამბლეის სხდომაზე [2004 წლის სექტემბერში] გაჟღერებულ ინიციატივებს ეყრდნობა და რომელსაც მხარეებმა დაუჭირეს მხარი, უნდა გახდეს პრობლემის მოგვარების საფუძველი“, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი მიხეილ კამინინი საინფორმაციო შეტყობინებაში.


ეუთოს მინისტერიალის მიერ მიღებულ განცხადებაში ნათქვამია: “ჩვენ მივესალმებით ქართული მხარის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კუთხით და გვჯერა, რომ ბოლოდროინდელი წინადადებები, კერძოდ სამშვიდობო გეგმა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაეროს გენერალური ასამბლეის 59-ე სხდომაზე [2004 წლის სექტემბერში] წარდგენილ ინიციატივებს ეყრდნობა და რომელსაც მხარეები უჭერენ მხარს, გახდება საფუძველი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა“.


ქართული მხარის განცხადებით, “ბოლოდროინდელი წინადადება“ არის პრემიერ-მინისტრ ნოღაიდელის მიერ ოქტომბერში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გააჟღერებული ინიციატივა, რომელიც იმ მიზნებსა და ქმედებებს შეიცავს, რომელთა განხორციელებასაც საქართველოს ხელისუფლება სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების ხელშეწყობის მიზნით გეგმავს, რათა საბოლოო მოგვარებას 2006 წლის ბოლოსთვის მიაღწიოს.


რუსული მხარე აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ოქტომბერში გაჟღერებული სამოქმედო გეგმა არ ემთხვევა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ 2004 წლის სექტემბერში გაეროს განერალური ასამბლეის სხდომაზე გაჟღერებულ “სამეტაპიან“ სამშვიდობო გეგმას. თუმცა, ქართული მხარის განცხადებით, თბილისის მიერ წარდგენილი ყველა გეგმა პრეზიდენტ სააკაშვილის წინადადებებს შეესაბამება, თუმცა იმ სხვაობით, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი გეგმა კონკრეტული ღონისძიებების განხორციელების დეტალურ ვადებს ითვალისწინებს.  


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოსკოვი კვლავ მიიჩნევს პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გაჟღერებულ ინიციატივეს “უფრო წარმატებულად“. მისი თქმით, ამ ინიციატივების უძლიერესი ნაწილი გულისხმობს კონფლიქტის სამეტაპიან მოგვარებას.


“კონფლიქტის სამეტაპიანი მოგვარება არ შეინიშნება სამშვიდობო გეგმის სხვადასხვა ვერსიებში, რომელთაც ქართული მხარე ევროპის დედაქალაქებში ავრცელებს“, – განაცხადა მიხეილ კამინინმა. იგი იმ სამოქმედო გეგმას გულისხმობდა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ნოღაიდელმა ჯერ ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოზე, ხოლო შემდეგ ბრიუსელში ნატოს და ევროკავშირის შტაბბინაში გააჟღერა.


“ჩვენს შეფასებებში ქართული წინადადებების შესახებ არაფერი შეცვლილა ლუბლიანას განცხადების შემდეგ“, – დასძინა კამინინმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)