8 დეკემბერს ბრიუსელში გამართული ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დასკვნითი კომუნიკე ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შეზღუდვის შესახებ ხელშეკრულების კონტექსტში მიესალმა რუსეთსა და საქართველოს მიერ 2005 წლის 30 მაისს მიღწეულ “მნიშვნელოვან“ შეთანხმებას, რომელიც შეეხება რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანას. “მოუთმენლად ველით დარჩენილი მოუგვარებელი საკითხების გადაწყვეტას“, – აღნიშნულია კომუნიკეში.
“სტამბოლის იმ ვალდებულებების შესრულება, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკებთან, შესაბამის პირობებს შეუქმნის მოკავშირე ქვეყნებს და სხვა სახელმწიფოებს, რათა მათ გააგრძელონ მუშაობა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების ადაპტირებული ვერსიის რატიფიკაციის მიზნით“, – ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დასკვნით კომუკინეში.
1999 წლის ეუთოს სტამბულის სამიტის გადაწყვეტილება, რომელიც ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შეზღუდვის შესახებ ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილი გახდა, საქართველოდან და მოლდოვადან რუსული ბაზების გაყვანას ითვალისწინებს. წელს, 30 მაისის თბილისისა და მოსკოვის შეთანხმებით რუსულმა ბაზებმა საქართველო 2005–2008 წლების განმავლობაში უნდა დატოვონ.
ჩრდილოატლანტიკური საბჭო ასევე მოუწოდებს იმ პარტნიორ სახელმწიფოებს, ვინც გამოხატა ალიანსში გაწევრიანებისადმი სწრაფვა, სრულად გამოიყენონ პარტნიორობის ფორმატში არსებული საშუალებები.
8 დეკემბერს მიღებული კომუნიკე ასევე იწონებს საქართველოს მიერ გამოხატულ ინტერესს მხარი დაუჭიროს ხმელთაშუა ზღვაზე მიმდინარე საზღვაო ოპერაციას “Active Endeavour“. საქართველოს საგარე უწყების ცნობით, 2005 წლის 29 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილით მიმართა ნატოს გენერალურ მდივანს და გამოთქვა მზადყოფნა მხრდაჭერა აღმოუჩინოს ამ ოპერაციას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)