საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტმა “გაოცება“ გამოთქვა რუსი კოლეგის მიხეილ კამინინის 9 დეკემბრის განცხადების გამო, რომელშიც იგი აზუსტებდა მოსკოვის პოზიციას საქართველოს შესახებ ეუთოს მინისტერიალის მიერ ლიუბლიანაში მიღებული განცხადების თაობაზე.
მიხეილ კამინინის განცხადებით, რუსეთის მხარდაჭერა საქართველოს შესახებ ეუთოს მინისტერიალის განცხადებაზე არ ნიშნავს, რომ მოსკოვმა შეცვალა პოზიცია სამხრეთ ოსეთის თაობაზე და კერძოდ, თბილისის სამშვიდობო გეგმაზე.
“აღნიშნული განცხადებიდან გამომდინარე, შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ რუსეთის დელეგაცია ლიუბლიანაში არ იყო გულწრფელი, ან, რაც უფრო შესაძლებელია, ბატონი კამინინი არ იყო სრულად ინფორმირებული ლიუბლიანაში შემდგარი მოლაპარაკების კონსტრუქციულ, საქმიან ატმოსფეროსა და მიმდინარეობის დეტალებზე“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების კომენტარში.
რუსულმა მხარემ მას შემდეგ, რაც შენიშნვები გამოთქვა თბილისი სამშვიდობო გეგმის მიმართ, ეუთოს მინისტერიალზე მხარი დაუჭირა საქართველოს შესახებ მიღებულ განცხადებას, რომელშიც ნათქვამია: “მივესალმებით ქართული მხარის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კუთხით და გვჯერა, რომ ბოლოდროინდელი წინადადებები, კერძოდ სამშვიდობო გეგმა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაეროს გენერალური ასამბლეის 59-ე სხდომაზე [2004 წლის სექტემბერში] წარდგენილ ინიციატივებს ეყრდნობა და რომელსაც მხარეები უჭერენ მხარს, გახდება საფუძველი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა“.
რუსული მხარე აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ოქტომბერში გაჟღერებული სამოქმედო გეგმა არ ემთხვევა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ 2004 წლის სექტემბერში გაეროს განერალური ასამბლეის სხდომაზე გაჟღერებულ “სამეტაპიან“ სამშვიდობო გეგმას.
საქართველოს საგარეო უწყება 9 დეკემბერს გამოქვეყნებულ კომენტარში კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ “საქართველოს მხარის სამშვიდობო გეგმა ეფუძნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2004 წლის სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის 59-ე სესიაზე გაჟღერებულ სამშვიდობო ინიციატივას და წარმოადგენს მასში ასახული პრინციპების დეტალურად გაწერილ ვარიანტს”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)