Site icon Civil.ge

ბარანკევიჩი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების ძალისმიერ სცენარზე საუბრობს

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრი ანატოლი ბარანკევიჩი 12 დეკემბერს “ნეზავისიმაია გაზეტასთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მზადდება თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის საქართველოსთან შეერთების ძალისმიერი სცენარი.


მისი თქმით, ქართველებს ამაში უკრაინელები, ბულგარელები და ჩეხები ეხმარებიან, რომლებიც ქართულ არმიას შეიარაღებით ამარაგებენ. “ხოლო ყველაფერ ამას ასპონსორებენ და ქართველებს ძალისმიერი ვარიანტისაკენ უბიძგებენ აშშ და ნატო“, – აცხადებს დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი.


“ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დაამცირონ არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთი, არამედ რუსეთი. რადგან თბილისის მცდელობები ძალისმიერი გზით შეიყვანოს სამხრეთ ოსეთი თავის შემადგენლობაში არ შეიძლება არ შეფასდეს, როგორც კავკასიის რეგიონში მოსკოვისთვის მიყენებული დარტყმა“, – აცხადებს ბარანკევიჩი.


2004 წლამდე რუსეთის არმიის პოლკოვნიკი, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრი ასევე დასძენს, “სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების 90%–ს რუსეთის პასპორტები აქვთ. ამდენად, მოსკოვმა დახმარება უნდა გაუწიოს თავის მოქალაქეებს საქართველოსთან სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)