Site icon Civil.ge

საზოგადოებრივი ჯგუფები ოფიციალურ პირებს საია–სთან მიმართებაში თავშეკავებისკენ მოუწოდებენ

საქართველოს საზოგადოებრივ ორგანიზაციათა ეთიკის კოდექსის მონაწილეთა ჯგუფი 13 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში შეშფოთებას გამოთქვამს იმ ვითარების გამო, რაც ამ კოდექსის ერთ-ერთი მონაწილე ორგანიზაციის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) გარშემო შეიქმნა.


„ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებული კრიზისული მოვლენები აისახება მთლიანად მდგომარეობაზე სამოქალაქო სექტორის შიგნით და მის ურთიერთობაზე სახელისუფლებო წრეებთან… მთელი სამოქალაქო საზოგადოებისთვის საზიანო იქნება, თუ კონფლიქტი ხანგრძლივი საჯარო დაპირისპირების სახეს მიიღებს.“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს 53 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.


ხელმომწერთა შორის არიან მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია, ფონდი “ინტერნიუსი,” სამართლიანი არჩევნებისა და დემოკატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს გაეროს ასოციაცია, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო,“ „მწვანე ალტერნატივა“ და სხვა.  


ეთიკის კოდექსის მონაწილე ორგანიზაციები თვლიან, რომ საიას–ს გარშემო შექმნილი ვითარება თვით ამ ორგანიზაციის მიერ უნდა გადაწყდეს, რადგან დაუშვებელია ყოველგვარი გარე ჩარევა ხელისუფლებისა თუ სხვა მოქმედი პირების მხრიდან.


9 იანვარს საია–ს წევრების ერთმა ჯგუფმა, რომელთა შორის დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ჭარბობდნენ, ორგანიზაციაში რეფორმები და თავმჯდომარის, ანა დოლიძის გადაყენება მოითხოვა. ანა დოლიძემ ასოციაციის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ “პოლიტიკურ თავდასხმად“ შეაფასა.


ეთიკის კოდექსის მონაწილე ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს, რომლებიც იმავდროულად  საია–ს წევრები არიან,   ორგანიზაციის შიდა განაწესის შესაბამისად შეუძლიათ გავლენა იქონიონ მის საქმიანობაზე, თუმცა მოუწოდებენ ხელისუფლების წარმომადგენლებს  განსაკუთრებული თავშეკავებისა და კორექტულობისაკენ საჯარო განცხადებების გაკეთებისას.


„როდესაც მაღალი თანამდებობის პირი [თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი] საკუთარი სამუშაო კაბინეტიდან საჯარო განცხადებებს აკეთებს საზოგადოებრივი ორგანიზაციის მუშაობაზე, ეს გარდაუვლად აღიქმება ხელისუფლების ზეწოლად სამოქალაქო საზოგადოებაზე… ამიტომ საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წევრებს, რომელთაც ხელისუფლებაში მაღალი თანამდებობები უკავიათ, განსაკუთრებული თავშეკავება და კორექტულობა მართებთ ამ პრობლემის გარშემო საჯარო განცხადებების გაკეთებისას,“ – ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)