საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 14 იანვარს სახელმწიფო კანცელარიაში პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ნოღაიდელთან და ჯანდაცვის მინისტრთან ლადო ჭიპაშვილთან გამართულ შეხვედრაზე მიესალმა ქათმის გრიპთან დაკავშირებით ქვეყანაში მიმდინარე პრევენციულ ზომებს.
მინისტრებმა პრეზიდენტს პრევენციული ზომების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და განაცხადეს, რომ საქართველოში ორ კვირაში დამატებითი აღჭურვილობა ჩამოვა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ყველაფერი კეთდება ქათმის გრიპის რისკების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისათვის.
პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ საქართველოს მასშტაბით მუშაობს შვიდი საგანგებო შტაბი, რომლებიც რეგიონებში არსებულ სიტუაციას აკონტროლებენ. მისი თქმით, სულ მალე კიდევ უფრო მეტი შტაბი გაიხსნება.
პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, ქათმის გრიპი “საშიში დაავადებაა“, თუმცა კარგად ორგანიზებული ღონისძიებების შემთხვევაში, მისი თავიდან აცილება შესაძლებელი იქნება.
ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში ფრინველის გრიპის შემთხვევა ჯერ-ჯერობით დაფიქსირებული არ არის.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)