Site icon Civil.ge

თბილისი აპროტესტებს მოსკოვის პოზიციას

26 იანვარს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხებში ირაკლი ალასანიამ შეშფოთება გამოთქვა მოულოდნელი და შემაშფოთებელი ტენდენციის გამო რუსეთის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით თავი შეიკავოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისგან.


“ეს დისტანცირება ასევე ვრცელდება ე.წ. ბოდენის დოკუმენტზე – თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის ძირითადი პრინციპები“ – რომელიც მთლიანი სამშვიდობო პროცესის პოლიტიკური მოგვარების მთავარი დოკუმენტია“, – განაცხადა ალასანიამ, რომელიც ასევე აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელია.


მისი თქმით, საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრის პრინციპის უარყოფა ნიშნავს “სეპარატიზმის, როგორც ფენომენის მხარდაჭერას, ასევე “საქართველოს 300 000 მოქალაქის ეთნიკური წმენდის მხარდაჭერას“.


მან ასევე მოახსენა უშიშროების საბჭოს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით თბილისის პრიორიტეტების თაობაზე და განაცხადა, რომ ქართული მხარე განაგრძობს მუშაობას “ახალი დეიზოლაციონიზმის პოლიტიკის“ ფარგლებში, რაც გულისხმობს აფხაზური მხარის აქტიურ ჩართვას მოლაპარაკებების პროცესში.


“ამ ინიციატივის პრინციპული ელემენტი ეფუძნება კონფლიქტის საბოლოო პოლიტიკური მოგვარების მიღწევას აფხაზური და ქართული მხარეების ლეგიტიმური ინტერესების აღიარების გზით… ჩვენ დეიზოლაციონიზმის პოლიტიკას გრძელვადიანი მიზნები აქვს, რათა აფხაზური საზოგადოება იზოლაციიდან გამოვიყვანოთ, დავანახოთ მათ დემოკრატიული ღირებულებები და შეხედულებები“, – განაცხადა ალასანიამ.


უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას ირაკლი ალასანიამ შეშფოთება გამოხატა გალის რაიონში უსაფრთხოების გაუარესებული სიტუაციის გამო.


მისი თქმით, ქართველი დევნილების “ძალისმიერი პასპორტიზაცია“ აფხაზეთის ხელისუფლების მიერ, რასაც უარის თქმის შემთხვევაში თან ახლავს მუქარა მათი გაძევების თაობაზე, ნათლად ადასტურებს “ქართველების ეთნიკური წმენდის გაგრძელებას აფხაზეთში“. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)