პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულმა სხდომამ, რომელზეც დღეს ცხინვალის რეგიონში მიმდინარე სამშვიდობო პროცესის თაობაზე მთავრობის წევრების ინფორმაცია მოისმინეს, მხარი დაუჭირა პარლამენტის 11 ოქტომბრის დადგენილების მე–4 პუნქტის ამოქმედებას, რომელიც სამშვიდობოების გაყვანის პროცედურის დაწყებას ითვალისწინებს და შესაბამისი დადგენილების 15 თებერვალს მიღების მოთხოვნით პარლამენტის ბიუროს მიმართა.
“საკმაოდ მოკლე დადგენილებაში გარდა მე–4 პუნქტისა ჩაიწერება ასევე მთავრობისადმი დავალება, რათა დაახლოებით 1 თვის ვადაში წარმოადგინოს დეტალური გეგმა სამშვიდობოების გაყვანასთან დაკავშირებით“, – განუცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ “სივილ ჯორჯიას“ საკომიტეტო მოსმენის დასრულების შემდეგ.
პარლამენტის 11 ოქტომბრის დადგენილების მე–4 პუნქტში ნათქვამია: “საქართველოს პარლამენტი ამ დადგენილების მე-2 პუნქტით [ეხება სამშვიდობო ძალების მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად და განუხრელად შესრულების თაობაზე ინფორმაციას] განსაზღვრული პროცესის უარყოფითად შეფასებისა და პროგრესის არარსებობის შემთხვევაში მოითხოვს 2006 წლის 15 თებერვლიდან ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციის შეწყვეტას, აგრეთვე შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებების და არსებული სტრუქტურების გაუქმებას”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)