ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის 58-ე არმიამ 18 თებერვალს სამხრეთ ოსეთის საზღვრის სიახლოვეს ფართო-მასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო, იტყობინება რუსული გაზეთი “ნეზავისიმაია გაზეტა“ 20 თებერვალს.
“ამ წვრთნების ნამდვილი მიზნები, რა თქმა უნდა, არ მჟღავნდება. თუმცა, ბევრის მიხვედრა შეიძლება იქიდანაც, რაც გამჟღავნდა. კერძოდ, 58-ე არმიის მეთაურის თანაშემწემ ალექსანდრე კოვალმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პირველ ეტაპზე უნდა განხორციელდეს ჯავშანტექნიკის და სამხედრო სატვირთო მანქანების გადასროლა ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქიდან ტრანსკავკასიურ მაგისტრალამდე, რომელიც რუსეთს საქართველოს უკავშირებს. პარალელურად, მთებში დაგეგმილია დესანტის გადმოსხმაც“, – წერს გაზეთი.
გაზეთის ცნობით, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსული სამშვიდობო ბატალიონი შედის 58-ე არმიის მოტომსროლელთა ერთ-ერთ პოლკში.
“თუმცა, 58-ე არმიის შტაბში არ აკონკრეტებენ შედის თუ არა ბატალიონის პერსონალი წვრთნების სცენარში“, – წერს გაზეთი.
“ნეზავისიმაია გაზეტას” ცნობით, რუსული ჯარების ეს წვრთნები არის “ძალის დემონსტრირება“ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რეგიონში არსებული დაძაბულობის ფონზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)