აშშ-ს ვაჭრობისა და განვითარების სააგენტომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს 2 მარტს 356,000 აშშ დოლარის გრანტი გამოუყო, რაც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას მოხმარდება.
სააგენტოს მიერ 2 მარტს გავრცელებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ გრანტი მოხმარდება ზესტაფონის და გარდაბნის სადგურებს შორის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის შესაძლებლობის შესწავლას.
გრანტის შესახებ შეთანხმებას ნიუ-იორკში გამართული ფორუმის “ინვესტირება საქართველოში“ გახსნის დროს მოეწერა ხელი. მას აშშ-ს ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოს პოლიტიკისა და პროგრამების დირექტორმა ჯეფრი ჯექსონმა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა მოაწერეს ხელი აშშ-ს და საქართველოს მთავრობების სახელით. ხელმოწერის ცერემონიას ასევე ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი.
ამერიკული გრანტი მოხმარდება წინასწარი ხარჯების შეფასებას, ფინანსური ვარიანტების შესწავლას და სატენდერო დოკუმენტების მომზადებას. დაინტერესებულმა ამერიკულმა ფირმებმა განაცხადები უნდა წარადგინონ, ხოლო ენერგეტიკის სამინისტრო შეარჩევს აშშ-ს კონტრაქტორს, რომელიც პროექტის განხორციელებას ტექნიკურ დახმარებას აღმოუჩენს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)