დღეს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა ხელისუფლებას სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე სიმართლის თქმისაკენ მოუწოდა, “რაოდენ უხერხულიც არ უნდა იყოს მისთვის“, რადგან საზოგადოების უფლებაა გაიგოს სრული სიმართლე. მისი თქმით, გირგვლიანის საქმე საქართველოს საზოგადოების, ხელისუფლების და სახელმწიფოებრიობის სერიოზულ გამოცდად იქცა.
“საქართველოს სამომავლო ორიენტირი დიდწილად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ჩავაბარებთ ამ გამოცდას“, – აცხადებს სუბარი.
“მკვლელობაში ეჭვმიტანილების დაპატიმრებამ არათუ მოხსნა ის ეჭვები, რომლებიც ამ მკველობის შემდეგ გაჩნდა, პირიქით, უფრო გამძაფრდა უკმარისობის გრძნობა და კიდევ უფრო უპასუხო გახდა კითხვები, რომლებიც ალბათ დღეს საქართველოს ყველა მოქალაქეს აწუხებს. კერძოდ, ვაშენებთ თუ არა დღეს ისეთ ქვეყანას, სადაც ადამიანის უფლებები და ადამიანის სიცოცხლე დაცულია, ხომ არ გაუფასურდა უმთავრესი ღირებულება – ადამიანის სიცოცხლე და ხომ არ ემუქრებიან ამ ღირებულებას სწორედ ის უწყებები, რომლებიც მისი დაცვისთვის არიან მოწოდებულნი“, – ნათქვამია ომბუდსმენის მიმართვაში.
სახალხო დამცველის განცხადებით, ჯერ–ჯერობით ამ კითხვებზე გაცემული ერთადერთი პასუხია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილა დამსჯელი რაზმი, რომელიც კანონზე მაღლა დგას და სურვილის შემთხვევაში შეუძლია ნებისმიერი ადამიანის ლიკვიდაცია.
“ნებისმიერ დემოკრატიულ ან დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე ქვეყანაში ასეთი სკანდალის შემდეგ თანამდებობებს აუცილებლად დატოვებდნენ ის პირები, რომელთა ამ საქმეშიც მონაწილეობაზე საზოგადოებას ეჭვები აქვს“, – აცხადებს ომბუდსმენი.
მისი განცხადებით, გირგვლიანი მკვლელობამ საფრთხე შეუქმნა ხელისუფლების მიღწევებს. “ეჭვქვეშ დადგა კორუფციასთან, ნარკობიზმესთან, ტერორიზმთან, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში მიღწეული წარმატებები, რადგან ძნელია ირწმუნო იმ წარმატებების, რომლებიც თურმე მკვლელების ხელებით იქმნებოდა“, – დასძენს სახალხო დამცველი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)