დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ სამცხე–ჯავახეთში 11 მარტს განვითარებულ მოვლენებს, რომლის დროსაც ადგილობრივმა სომეხმა მოსახლეობამ ახალქალაქის ადგილობრივ სასამართლოზე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქის ფილიალზე იერიში განახორციელა, გარე ძალების პროვოცირებული უწოდა.
“აშკარაა, რომ არის სერიოზული ძალები, რომლებიც ცდილობენ, რომ დესტაბილიზაცია გამოიწვიონ ამ კუთხეში. არის სერიოზული ძალები, რომლებიც ცდილობენ, რომ დააპირისპირონ ერთმანეთს ქართული და არაქართული მოსახლეობა, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ როგორც ქართველი, ისე არაქართველი მოსახლეობა მაქსიმალურად შეეცდება, რომ არ აჰყვეს პროვოკაციას და შეეცდება არ დაასხას იმ ადამიანების წისქვილზე წყალი, რომელთაც სურთ, რომ ქვეყანაში მართლაც განხეთქილება იყოს“, – განაცხადა 13 მარტს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, წალკაში მომხდარ კრიმინალურ ფაქტზე, რომელიც ახალქალაქის მოვლენებს უსწრებდა წინ, “ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს და დამნაშავეები დასჯილნი უნდა იყვნენ“.
11 მარტს წალკაში მომხდარ ინციდენტს, რომელსაც სახალხო დამცველმა სოზარ სურბარმა “ჩვეულებრივი ხულიგნობა” უწოდა, საქართველოს ერთი სომეხი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)