რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩმა მიხეილ ბოჩარნიკოვმა, რომელიც თბილისს 13–14 მარტს სტუმრობდა, 15 მარტს სოხუმიდან მოუწოდა ქართულ მხარეს, რომ თავი შეიკავოს საჯარო პოლემიკისაგან.
ბოჩარნიკოვთან აფხაზეთის საკითხებზე მოლაპარაკებების შედეგებზე 14 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ “რუსულ მხარეს არ წარმოუდგენია კონფლიქტის დარეგულირების ახალი ხედვა… რაც კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ რუსეთის ხელმძღვანელობაში არ არსებობს სათანადო პოლიტიკური ნება, დაარეგულიროს აღნიშნული კონფლიქტი საქართველოსთან კონსტრუქციული თანამშრომლობის გზით“.
“საჯარო ბრალდებები უკიდურესად კონტრპროდუქტიულია. სასურველია, რომ ქართულმა მხარემ თავი შეიკავოს… რადგანაც ამას არაფერი კარგი არ მოაქვს“, – იტყობინება “აფსნიპრესი“ 15 მარტს ბოჩარნიკოვის სიტყვებზე დაყრდნობით.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩმა მიხეილ ბოჩარნიკოვმა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების შესახებ მოლაპარაკებების გააქტიურების საკითხი თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი შამბასთან 15 მარტს სოხუმში განიხილა.
ბოჩარნიკოვი აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე აფხაზეთის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მომზადების საკითხს შეეხო, რომლის მიღებაც მარტის ბოლოს იგეგმება.
“ჩვენი შეხედულებით, ამ რეზოლუციაში უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბოდენის ცნობილი დოკუმენტი [სოხუმსა და თბილისს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ] მხარეებს არ უნდა წერედგინოს, როგორც დარეგულირების ერთადერთი ვარიანტი ან მოდელი. ეს პოზიცია ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ“, – აცხადებს ბოჩარნიკოვი.
მისი თქმით საჭიროა სოჭის 2003 წლის შეთანხმებების რეალიზება აფხაზეთის გავლით რუსეთ–საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე. “ჩვენ გვინდა ამ სამუშაოს გააქტიურება, რამდენადაც რკინიგზის შემოწმება უკვე დამთავრებულია, საჭიროა შემდგომი ნაბიჯები“, – განაცხადა რუსმა დიპლომატმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)