Site icon Civil.ge

ხელისუფლების დებატებში მონაწილეობაზე უარს, ოპოზიცია მთავრობის სისუსტეს აბრალებს

ტელეკომპანია “იმედის” პოლიტიკური თოქ-შოუს “რეაქცია“ წამყვანმა ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა უარი თქვეს 17 მარტს მის პროგრამაში დებატებში მიიღონ მონაწილეობა, რომელიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეს შეეხებოდა.  


თოქ-შოუს მსვლელობისას გრიგოლიამ განაცხადა, რომ ოფიციალურმა პირებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი არველაძის მიერ 17 მარტს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განცხადების შემდეგ თქვეს უარი დებატებში მონაწილეობაზე. არველაძემ განაცხადა, რომ “ჩვენ უკვე ვუპასუხეთ [ოპონენტებს] ყველა საკითხის თაობაზე. ახლა, ჩვენ საქმე გვაქვს გასაკეთებელი“.


გუშინდელ თოქ-შოუში მონაწილეობა მხოლოდ ოპოზიციის ლიდერებმა მიიღეს. მათ შორის იყვნენ დავით გამყრელიძე “ახალი მემარჯვენეებიდან“, ლევან ბერძენიშვილი “რესპუბლიკური პარტიიდან“, ზვიად ძიძიგური “კონსერვატორული პარტიიდან“, კონსტანტინე გამსახურდია პარტია “თავისუფლებიდან“ და  “საქართველოს გზის“ ლიდერი სალომე ზურაბიშვილი.


ყველა მათგანმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა უარი მონაწილეობა მიეღოთ პრობლემატურ პოლიტიკურ საკითხებზე სატელევიზიო დებატებში იყო ხელისუფლების “სისუსტის“ ნათელი გამოხატულება.


ოპოზიციის ლიდერებმა ასევე გააკრიტიკეს ხელისუფლება, კერძოდ პრეზიდენტი სააკაშვილი ოპოზიციის რეპუტაციის შელახვაში, იმით რომ ოპოზიციას რუსეთის გარკვეულ ძალებთან კავშირში ადანაშაულებენ.  


16 მარტს პრეს-კონფერენციაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციას შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის გადადგომა სურს, რადგანაც ხელისუფლება “შეეხო ძალიან კარგად ორგანიზებულ ოლიგარქიულ, მათ შორის რუსულ ოლიგარქიულ კაპიტალს“.


“მინდა აღვნიშნო ერთი, როგორც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ახსენა [პრეზიდენტმა]. მათ [ხელისუფლებამ] გარკვეული მინიშნებები გააკეთეს ოლიგარქიულ ინტერესებზე, ან კაპიტალზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს თქვენი ტელევიზიისთვის [მიმართა გრიგოლიას]… თქვენი ტელევიზია პირველი იყო, რომელმაც ამ დანაშაულის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია და ამის შემდეგ გაიგო საზოგადოებამ დანაშაულის შესახებ [12 თებერვალს ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელმაც მიანიშნა, რომ შსს-ს რამდენიმე მაღალჩინოსანი შესაძლოა კავშირში ყოფილიყო გირგვლიანის მკვლელობასთან]“, – განაცხადა დეპუტატმა დავით გამყრელიძემ თოქ-შოუს დროს.


დეპუტატი გამყრელიძე იმ ფაქტზე მიანიშნებდა, რომ ტელეკომპანია “იმედის“ მფლობელი გავლენიანი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილია, რომელსაც, გამყრელიძის აზრით, ასევე “შეიძლება ხელისუფლებამ პრობლემები შეუქმნას”.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)