Site icon Civil.ge

თბილისი და მოსკოვი რუსეთის მსო-ში გაწევრიანებაზე ვერ თანხმდებიან

ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების დროს თბილისი და მოსკოვი ვერ შეთანხმდნენ  მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, იტყობინება “რია ნოვოსტი“ 23 მარტს.


საქართველო მხარს დაუჭერს რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, თუ მოსკოვი დაეხმარება თბილისს როკის გვირაბზე და ადლერი-ლესელიძის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე საბაჟო კონტროლის აღდგენაში. ქართული მხარე ასევე მოითხოვს რუსეთისგან გააძლიეროს ბრძოლა რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქტების, ძირითადად ღვინის, ფალსიფიკაციის წინააღმდეგ, ასევე უარი თქვას ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის ცალმხრივ აკრძალვაზე. საქართველო ასევე მოითხოვს რუსეთისგან ნება დართოს ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნტქის გავლით ღვინისა და ალკოჰოლური სასმელის ექსპორტზე.


“ჩვენ ვერ დავაახლოვეთ ჩვენი პოზიციები… იმ ოთხი საკითხიდან, რომელიც ქართულმა მხარემ დააყენა, მხოლოდ ერთი – და ჩვენ შევთანხმდით ამ საკითზე – არის პირდაპირ კავშირში ჩვენს [რუსეთის] ვალდებულებებთან მსო-ს წინაშე“, – განუცხადა რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა მაქსიმ მედვედკოვმა “რია ნოვოსტის“ მოლაპარაკებების შემდეგ.


იგი გულისხმობდა რუსულ ბაზარზე ფალსიფიცირებული ქართული პროდუქციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებულ წინადადებას.


“სამწუხაროდ, გადაწყვეტილება მიღებული არ არის… ის არგუმენტები, რომლებიც რუსულმა დელეგაციამ დააყენა, ჩვენთვის დამაჯერებელი არ არის. ამიტომაც, პროგრესს ვერ მივაღწიეთ“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ თამარ კოვზირიძემ.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)