Site icon Civil.ge

საგარეო უწყება რუსული მხარის “გაუგებარი“ განმარტებებით გაკვირვებულია

24 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ  საქართველო-რუსეთის საზღვრის როკის გვირაბის მონაკვეთზე სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის დაწესების შემთხვევაში, ქართული მხარე მზად არის შეუდგეს ჩრდილო ოსეთის, ე.წ სამხრეთ ოსეთისა და გორის რაიონის მონაწილეობით თავისუფალი ეკონომიკური ზონის იდეის რეალიზებას.


ამის შესახებ საუბარია რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის მიხეილ კამინინის “გაუგებარი გამონათქვამების“ ქართული მხარის საპასუხო კომენტარში.


თბილისის განცხადებით, კამინინი შეეცადა სხვაგვარი ინტერპრეტაცია მიეცა რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლის გენადი ბუკაევის განცხადებისთვის იმის შესახებ, რომ რუსეთის მთავრობამ უკვე განიხილა სამხრეთ ოსეთის მიერთების საკითხი. ეს განცხადება ბუკაევმა ჩრდილო ოსეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავრობების ერთობლივ სხდომაზე 22 მარტს გააკეთა. “ინტერფაქსთან“ ინტერვიუში 23 მარტს კამინინმა განმარტა, რომ ბუკაევს მხედველობაში ჰქონდა ეკონომიკური კეთილდღეობის ზონის შექმნის საკითხი.


“ის დოკუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც რუსეთის მხარე ცდილობს მომხდარის  გამართლებას, გამორიცხავენ საქართველოს მხარის მონაწილეობის გარეშე მსგავსი [თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის] საკითხების გადაწყვეტას. ამდენად, საქართველოს მხარის სრული იგნორირებით, რუსეთის ფედერაციის სუბიექტის მთავრობის მიერ, სეპარატისტული რეგიონის თვითმარქვია მთავრობასთან მსგავს საკითხთა განხილვა, წარმოადგენს მორიგ არამეგობრულ ნაბიჯს რუსეთის მხრიდან“, – აცხადებს საქართველოს საგარეო უწყება.


ქართული მხარე აცხადებს, რომ თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის შესახებ  კონსულტაციებში, მოლაპარაკების ძირითად მხარეებს წარმოადგენენ საქართველო და რუსეთის ფედერაცია და არა მათი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები.


ამასთანავე, ქართული მხარე ეჭვქვეშ არ აყენებს რეგიონულ ეკონომიკურ პროექტებში ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინების აუცილებლობას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)