29 მარტს სოხუმს პრეზიდენტის ახლადდანიშნული მრჩეველი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში ირაკლი ალასანია ეწვევა და მოლაპარაკებებს გამართავს თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან სერგეი ბაღაფშთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი შამბასთან.
“ალასანიას ვიზიტი მიზნად ისახავს კონტაქტების დამყარებას და შემდგომი ერთობლივი ძალისხმევის განსაზღვრას ქართულ–აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების გზებზე“, – იუწყება 28 მარტს “აფსნიპრესი“ სერგეი შამბას სიტყვებზე დაყრდნობით.
მისი თქმით, აფხაზური მხარე იცნობს ალასანიას შეხედულებებს. “არის ბევრი დამაიმედებელი ფაქტორი, რომლებიც იძლევიან საფუძველს ვარაუდისთვის, რომ ჩვენ შეგვიძლია რთული პრობლემების მოგვარება და სამშვიდობო პროცესის წინ წაწევა, თუ ეს შეხედულებები მხარდაჭერას პოვებენ საქართველოს ხელისუფლებაში“, – აცხადებს შამბა.
ქართულ–აფხაზურ მოპალარაკებებში პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ირაკლი ალასანია, რომელიც ცოტა ხნის წინ აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობას თავმჯდომარეობდა, პრეზიდენტის მრჩევლის რანგში პირველად ესტუმრება სოხუმს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)