რუსეთის მიერ საქართველოდან ღვინის იმპორტის შესაძლო აკრძალვა თბილისში უკვე შეაფასეს, როგორც პოლიტიკური მუქარა, რომლის განხორციელებაც დიდ დატყმას მიაყენებს არა მარტო ღვინის მწარმოებელ კომპანიებს, არამედ მთლიანად სოფლის მეურნეობას. ქართული ღვინის ექსპორტის 90%–მდე სწორედ რუსეთზე მოდის.
რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის გენადი ონიშჩენკოს მიერ ქვეყნის საბაჟო სამსახურის უფროსის, ალექსანდრე ჟერიხოვის სახელზე 25 მარტს გაგზავნილ წერილში ონიშჩენკო აცხადებს, რომ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოდან და მოლდოვადან “მხოლოდ მოსკოვში შემოსული ღვინის 60% ვერ აკმაყოფილებს სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური წესებით და ნორმებით დადგენილ მოთხოვნებს“.
რუსული მხარის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა 23 მარტს ჟენევაში გამართული მოლაპარაკებები, რომლის დროს თბილისმა და მოსკოვმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრიანებასთან დაკავშირებით. როგორც მსო-ს წევრი სახელმწიფო, საქართველო არ აძლევს თანხმობას რუსეთის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე, სანამ მოსკოვი თბილისის რამდენიმე მოთხოვნას არ შეასრულებს. ოთხი ძირითადი მოთხოვნიდან ერთი უკავშირდება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში საბაჟო პუნქტების ლეგალიზაციას.
საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის დავით კერესელიძის განცხადებით, სავსებით შესაძლებელია რომ რუსეთის მუქარა ღვინის იმპორტის აკრძალვის შესახებ მსო-ში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით თბილისის პოზიციით იყოს განპირობებული.
“უნდა ავღნიშნო, რომ ეს ძალიან უარყოფითი ნაბიჯია და ეს იქნება კატასტროფა ჩვენთვის და მთელი სპექტრისთვის ვინც არის ამ ბიზნესში ჩართული… ეს ხდება მაშინ, როცა შეუფერხებლად ხორციელდება ღვინის ექსპორტი აშშ-ში, ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში და მათგან არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია“, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ დავით კერესელიძემ.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის დეკემბრიდან რუსეთის მიერ დაწესებული ე.წ. ფიტოსანიტარულ შეზღუდვებით, რუსეთმა საქართველოდან მცენარეული პროდუქციის იმპორტი შეაჩერა.
28 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გელა ბეჟუაშვილსა და მის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული სავაჭრო რეჟიმი, საბაჟო საკითხები და ამ სფეროში არსებული პრობლემები იყო. მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა კონსულტაციების გამართვასთან დაკავშირებით.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიხეილ სვიმონიშვილმა ღვინის პროდუქციის ნეიტრალურ ლაბორატორიაში შემოწმების საკითხი დააყენა. “ჩვენ მზად ვართ ევროგაერთიანების ნებისმიერ ქვეყანაში, თუნდაც რუსეთში, დამოუკიდებელ ლაბორატორიაში იყოს კვლევა ჩატარებული“, – განაცხადა მიხეილ სვიმონიშვილმა.
ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ირაკლი ჩოგოვაძემ ჯერ კიდევ 21 მარტს რუს ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს რუსეთის მიერ საქართველოდან და მოლდავადან ღვინის იმპორტის შესაძლო აკრძალვას წმინდა პოლიტიკური ნაბიჯი უწოდა. ეკონომიკის მინისტრი იმედოვნებს, რომ რუსული მხარე ამას დეკლარაციის დონეზე დატოვებს და არ მოახდენს იმ საკითხების დისკრიმინაციას, რომელიც მსო-გან არ არის დაშვებული.
სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოდან რუსეთში ღვინის ექსპორტის მოცულობა სულ უფრო იზრდება.
2005 წელს ღვინის ექსპორტის საერთო მოცულობამ 63 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 27 მილიონი აშშ დოლარით მეტია 2004 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან და 31 მილიონით მეტი 2003 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
2006 წლის იანვარ–თებერვალში კი ღვინის ექსპორტმა რუსეთში 8,6 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.
ქართველი ღვინის მწარმოებელი კომპანიები აცხადებენ რომ თუ რუსეთმა მუქარა განახორციელა, ეს კატასტროფულ შედეგებს მოიტანს.
კომპანია Georgian Wines&Spirits–ს (GWS) რუსეთში ყოველწლიურად ექსპორტზე 10 სხვადასხვა სახეობის 2 მლნ ბოთლზე მეტი ღვინო გააქვს. კომპანიის ხარისხის მენეჯმენტის განყოფილების უფროსის მერაბ ჯაფარიძის განცხადებით, თუ ექსპორტი შეწყდება, კომპანიის ზარალი რამდენიმე ათეული მილიონი ლარი იქნება.
“ექსპორტის აკრძალვა პირდაპირ გვირტყამს ჩვენ, ღვინის მწარმოებლებს, მაგრამ არაპირდაპირ სხვადასხვა დარგში დასაქმებულ ხალხს, რომლებსაც ჩვენამდე მოაქვს ღვინის მასალა, ეს დაარტყამს იგივე გლეხს და ა.შ [წარმოების] მთელი ციკლი არსებობს და ჩვენ ამ ციკლში ბოლო რგოლი ვართ“, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ მერაბ ჯაფარიძემ.
მისი თქმით, კომპანიას ღვინო რუსეთის გარდა ევროპისა და აშშ–ს ბაზარზეც გააქვს, თუმცა არსებობის 13 წლის მანძილზე არცერთ ქვეყანას არ გამოუთქვამს სანიტარული ნორმების დარღვევასთან დაკავშირებული პრეტენზიები.
კომპანია “თელიანი ველის“ ხელმძღვანელის არჩილ გეგენავას განცხადებით, კომპანიის გაყიდვების 35% რუსეთის ბაზარზე მოდის.
“კომპანიისთვის თავისთავად მძიმე დარტყმა იქნება, მაგრამ კიდევ უფრო მძიმეა ქვეყნისთვის, რადგან საქართველოდან [ღვინის] ექსპორტის 89% გადის რუსეთში, ანუ არსებობენ კომპანიები, რომლებიც 100% რუსეთზე ყიდის და ეს თავისთავად დაქცევაა მათთვის. ზოგიერთი კომპანიისთვის ეს [რუსეთის შეზღუდვები] დახურვას ნიშნავს“, – განაცხადა არჩილ გეგენავამ.
ღვინის მწარმოებელი კომპანიები, ასევე საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ უკეთესი იქნებოდა რომ რუსეთს აკრძალვის მუქარის მაგივრად, საკუთარ ბაზარზე ღვინის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლა დაეწყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)