ქართულმა პრესამ 30 მარტს აქტიურად გააშუქა გავლენიანი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის მიერ 29 მარტს გაკეთებული განცხადება; ზოგიერთმა გაზეთმა პატარკაციშვილის მიერ ხელისუფლების მისამართით გამოთქმულ კრიტიკას “სკანდალური“ უწოდა.
გაზეთი “რეზონანსი“ წერს, რომ “ბადრი პატარკაციშვილსა და რევოლუციურ ხელისუფლებას შორის ჯერ კიდევ შემორჩენილი, თუნდაც, ნომინალური ჰარმონიის ნაშთები სკანდალურად დაიმსხვრა“ მას შემდეგ, რაც ბიზნესმენი სიტყვით გამოვიდა საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის შეხვედრაზე, რომლის დროსაც პატარკაციშვილმა ღიად დაადანაშაულა ხელისუფლება ბიზნესზე და მის ტელეკომპანია “იმედზე“ ზეწოლაში.
გაზეთი ასევე აქვეყნებს “თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენლის ლევან რამიშვილის კომენტარს.
“შეცდომა იყო, როცა პატარკაციშვილის მიმართ არ იქნა კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა გატარებული. როგორც ჩანს, მაშინდელი კომპრომისის შედეგს ახლა ვიმკით. საქართველოში დემოკრატია ვერ შედგება, თუ ფულის ტომრები გადაწყვეტენ, რომ ჩვენს ზურგს უკან დაეპატრონონ ხელისუფლებას“, – განაცხადა ლევან რამიშვილმა.
პატარკაციშვილი, რომელიც საქართველოში 2001 წელს ჩამოვიდა, რუსეთის მიერ უკანონო საქმიანობის გამო იძებნება.
“რეზონანსი” ვარაუდობს, რომ ოპოზიციური პარტიები პატარკაციშვილის ფულზე “ნადირობას“ დაიწყებენ.
გაზეთი “24 საათი“ აცხადებს, რომ მიუხედავად პატარკაციშვილის მწვავე გამოსვლისა, ბიზნესმენთა ფედერაციის სხვა წევრებმა ზომიერება შეინარჩუნეს და მკვეთრი განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავეს. “მათ ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის ურთიერთობებში პრობლემები არ უარყვიათ და დიალოგის გზით საკითხების გარკვევის სურვილი გამოთქვეს“, – წერს გაზეთი.
გაზეთი “24 საათი“ აქვეყნებს ინტერვიუს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარესთან დავით ნარმანიასთან, რომელიც აცხადებს, რომ ბადრი პატარკაციშვილის განცხადებები მხოლოდ პოლიტიკური შინაარსის არ იყო და მასში ქართული ბიზნესის რეალური პრობლემებიც აისახა.
“ჩვენი კანონმდებლობა ისეთია, რომ თუ ხელისუფლება მოინდომებს აუცილებლად შეძლებს პატარკაციშვილისთვის სამართლებრივი ბრალდებების წაყენებას“, – აცხადებს ნარმანია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)