დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ საგანგებოდ გაუსვა ხაზი ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლების სხდომაზე არ დასწრებას და განაცხადა, რომ ოფიციალური შეტყობინება ოპოზიციის ბოიკოტის თაობაზე არ მიუღია.
პარლამენტის ოპოზიციურმა ფრაქციებმა პლენარული სხდომების ბოიკოტირების შესახებ განცხადებები მას შემდეგ გააკეთეს, რაც 31 მარტს პარლამენტმა უფლებამოსილება შეუწყვიტა რესპუბლიკური პარტიის წევრს, ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატს ვალერი გელაშვილს.
“ვერ ვხედავ ჩემი კოლეგების ნაწილს, რომელთაც ჩემთვის ოფიციალურად არ მოუმართავთ, ბიუროს სხდომაზე ისინი აგრძელებენ ჩვენთან თანამშრობლობას თუ არა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.
მისი თქმით, პარლამენტის ფუნქიონირება უნდა გაგრძელდეს ნორმალურ რეჟიმში, “რაც ნიშნავს ძალიან სერიოზულ ურთიერთკონსულტაციებს”.
წინასწარი განცხადებებით, ოპოზიცია სავარაუდოდ პარლამენტის პლენარულ სხდომებს გამოუცხადებს ბოიკოტს, საკომიტეტო მუშაობაში კი ჩვეულებრივ მიიღებს მონაწილეობას. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ბოიკოტის ფორმების შესახებ საპარლამენტო ოპოზიცია კონსულტაციების შემდეგ გააჟღერებს.
ამავდროულად, რესპუბლიკურ პარტიაში აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანად მზადდება სარჩელი ვალერი გელაშვილისთვის უფლებამოსილების “უკანონოდ და პროცედურების დარღვევით” შეწყვეტის თაობაზე. კანონმდებლობით, პარლამენტის ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში 2 კვირის ვადაში უნდა გასაჩივრდეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)