პრეზიდენტმა სააკაშვილმა 3 აპრილს განაცხადა, რომ სიტუაცია რუსეთის მიერ ქართული ღვინის იმპორტის აკრძალვის გარშემო “ძალიან პრობლემატურია“ და რუსეთის გადაწყვეტილებას საქართველოს წინააღმდეგ “ეკონომიკური ემბარგო“ უწოდა.
რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის გენადი ონიშჩენკოს 25 მარტის წერილის საფუძველზე, რომელიც რუსეთის საბაჟო სამსახურს გაეგზავნა, 27 მარტიდან რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოდან და მოლდავადან შესულ ღვინოსა და ღვინომასალაზე სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური დასკვნების გაცემა შეჩერდა.
“ის, რაც ეხლა გადაწყდა გარკვეულ ტექნიკურ დონეზე, გარკვეული ტექნიკური ორგანოების მიერ, ვფიქრობ არის ბევრად უფრო მძიმე საკითხი, ვიდრე ტექნიკური გაუგებრობა. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, სამინისტროების და სხვა დონეზე, ვაწარმოოთ დიალოგი რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან და არა უბრალოდ ტექნიკურ ორგანოებთან“, – განაცხადა პრეზიდენტმა მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრს გელა ბეჟუაშვილს დავალება მისცა “კონსტრუქციული დიალოგის“ გზის მოაგვაროს რუსეთში ღვინის იმპორტის პრობლემა.
“ჩვენ რუსეთთან კეთილმეზობლური, კარგი და კონსტრუქციული ურთიერთობა გვინდა, ამისათვის ბევრი ნაბიჯი გადავდგით“, – დასძინა პრეზიდენტმა.
“მე ძალიან მიკვირს იმ ხალხისა, ვინც საქართველოში უსირცხვილოდ დაიწყო ლაპარაკი, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების ბრალია, რომ რუსეთმა დაკეტა ჩვენი ღვინის ბაზარი… საქართველოს მთავრობამ დახურა ფალსიფიკაცია, საქართველოს მთავრობამ გააორმაგა ღვინოზე მოთხოვნა მსოფლიო ბარზებზე, საქართველოს მთავრობამ ყველა საშუალება გაუხსნა ჩვენ მეღვინეებს, რომ გასულიყვნენ ახალ ბაზრებზე. საქართველოს მთავრობა და საქართველო ისჯება სწორედ იმის გამო, რომ საქართველოს ჰყავს ეფექტური მთავრობა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კოვზი ნაცარში ჩაუვარდეთ ყველას, ვისაც ჰგონია, რომ ამით მოგვგუდავს და მოგვახრჩობს“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მან დაავალა სამინისტროებს და გუბერნატორებს ძალ-ღონე არ დაიშურონ, რომ რთველი ჩატარდეს კარგად.
“შემდეგი კვირიდან გავუშვებთ ჩვენ დელეგაციებს ყველა შესაძლო ბაზრის ქვეყანაში. მე თვითონ მივდივარ ჩინეთში და ვაპირებ იქ ამ თემაზე საუბარს. ბევრად უკეთესად უნდა ვიმუშავოთ ბალტიისპირეთის ქვეყნებში, უკრაინაში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, რუსეთის გადაწყვეტილებამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს მცდელობებს თავისი საგარეო ვაჭრობის დივერსიფიკაცია მოახდინოს. “ამითი [რუსეთის გადაწყვეტილებით] ჩვენ გვაქვს შანსი, რომ გავძლიერდეთ ორჯერ და სამჯერ“, – დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა რუსეთში ქართულ ღვინის იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით 31 მარტს რომში, ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე განაცხადა, რომ რუსეთმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო აამოქმედა რა საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური ბერკეტები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)