Site icon Civil.ge

პარლამენტის ნდობის ჯგუფს არმიის განვითარების ფონდის საქმიანობასთან პრეტენზიები არ აქვს

დღეს გორში გაიმართა შეხვედრა თავდაცვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილსა და პარლამენტის ნდობის ჯგუფს შორის, სადაც დახურულ კარს მიღმა არმიის განვითარების ფონდის საქმიანობა განიხილეს. ხელისუფლების განცხადებით, ეს ფონდი წლის დასაწყისიდან ლიკვიდაციის რეჟიმშია.


“ფონდმა იმუშავა ძალიან სასარგებლოდ, ზედმეტი ხარჯი აქედან არ არის გასული. ყველა შესყიდვა არის განხორციელებული მინიმალურ ფასებში და პრეტენზია ნდობის ჯგუფს ფონდის საქმიანობასთან არ გააჩნია“,  – განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ დღეს შეხვედრის შემდეგ.


თარგამაძე ასევე თავმჯდომარეობს პარლამენტის ნდობის ჯგუფს, რომელშიც ოპოზიციონერი დეპუტატები წარმოდგენილნი არ არიან.


“მე პარლამენტში გამოსვლის დროს, როდესაც დავპირდი დეპუტატებს ამ ფონდის ხარჯების გადაცემაზე, ეს დაპირება შევასრულე და ეს ხარჯები იმ დღიდან უკვე გამჭვირვალე იყო. დღევანდელი მონაცემებით უკვე სრულად გადმოგცემთ თვითოეულ თქვენთაგანს ამ ფონდის ხარჯებს. შეგიძლიათ ნახოთ, რომ არანაირი განსაკუთრებული ხარჯი ამ ფონდიდან არ არის გაწეული“, – განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა.


მისი თქმით, ფონდის თანხები ძირითადად სენაკში თანამედროვე სტანდარტების სამხედრო ბაზის მშენებლობას და ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდა.


“ამ ფონდში არ იყო არცერთი თეთრი შემოტანილი იმ ადამიანების მიერ, ვინც შეიძლებოდა ყოფილიყო დაპატიმრებული ან ვისაც რაიმე საპროცესო გარიგება გაუფორმდა. მსგავსი შემონაწირი ამ ფონდში არ არსებობს“, – განაცხადა 4 აპრილს ოქრუაშვილმა.


თუმცა პარლამენტის ვიცე–სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა “დროებაში” 2 აპრილს გასულ სიუჟეტში, რომელიც ფონდების არაგამჭვირვალობის თემას ეძღვნებოდა, განაცხადა, რომ ძირითადად ფონდები შეივსო არა ბიზნესმენების შემოწირულობებით, არამედ საპროცესო გარიგებების შედეგად მიღებული თანხებით.


“რუსთავის 2“–ის ინფორმაციით, 2004–2006 წლებში, ოქრუაშვილის მინისტრობის პერიოდში, არმიის განვითარების ფონდიდან დახარჯულია 26 102 261 ლარი, აქედან ყველაზე მეტი მოხმარდა სენაკის სამხედრო ბაზას – 8 977 500 ლარი, ხარჯებში გაწერილია ასევე ავტობობილები, კომპიუტერული ტექნიკა, ყაზარმების გარემონტება.


2004 წელს კი ბეჟუაშვილი–ბარამიძის მინისტრობის პერიოდში სულ ფონდიდად დახარჯულია 8 848 656 ლარი, აქედან ყაზარმების სარემონტო სამუშაოებს 1 243 430 ლარი მოხმარდა, ყველა სხვა ხარჯიც დეტალურად არის გაწერილი. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)