Site icon Civil.ge

ბურჯანაძე: კონსტრუქციული დიალოგი მნიშვნელოვანია

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ მას შემდეგ, რაც მას ოპოზიციონერი დეპუტატების მემორანდუმი გადაეცა, დღეს ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ დემოკრატიული სახელმწიფოსათვის სრულიად ბუნებრივია, როცა უმცირესობა აფიქსირებს თავის პოზიციას, “მაგრამ უმრავლესობა იღებს გადაწყვეტილებებს”.


ნინო ბურჯანაძემ ასევე აღნიშნა, რომ კონსტრუქციული დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანია, “მაგრამ ულტიმატუმის ენით საუბარი არ ნიშნავს დიალოგს”.

დღევანდელ ბიუროს სხდომას, ისევე როგორც წინა სხდომას ბოიკოტის გამო არ დასწრებია ოპოზიცია.


“დღესაც ჩვენი კოლეგები ოპოზიციიდან სამწუხაროდ არ ესწრებიან ბიუროს სხდომას. მე ევთვლი, რომ ეს ნამდვილად არ არის ის გზა თანამშრომლობისა, რომელიც რეალურად დაგვეხმარება ჩვენ მნიშვნლოვანი საკითხების გადაწყვეტაში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


დღესვე მან ნაწილობრივ უპასუხა ოპოზიციური ფრაქცია დემოკრატიული ფრონტის წევრების კრიტიკას, რომლებიც თვლიან, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან საუბარს აზრი არ აქვს, რადგან რეალურად საკანონმდებლო ორგანოს არა ბურჯანაძე, არამედ პრეზიდენტი სააკაშვილი მართავს.


“უმრავლესობის წევრებს მინდა მივმართო, არ იქნება ცუდი თუ მოიფიქრებთ ფორმას მომცეთ უფლებამოსილება ვილაპარაკო, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ და მივმართო ოპოზიციონერ კოლეგებს. იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ მათთვის ჩემი უფლებამოსილება საკმარისი არ არის და დამატებითი უფლებამოსილება მჭირდება, რომ ჩემი მოწოდება დიალოგისა და კონსტრუქტივიციზმისკენ გაგონილ იქნას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ  და აქვე დასძინა, რომ ოპოზიციის მხრიდან იგი “ნებისმიერ შემთხვევაში კრიტიკას“ აწყდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)