რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუს და ქართველ დიპლომატებს შორის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებთან დაკავშირებით “შეხედულებების გაცვლაში“ გამოჩნდა ორმხრივ ურთიერთობებში არსებული სირთულეები.
18 აპრილს გამოქვეყნებულ საინფორმაციო შეტყობინებაში რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა 17 აპრილს თბილისში თავის ქართველ კოლეგასთან მერაბ ანთაძესთან და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გელა ბეჟუაშვილთან შეხვედრის დროს ხაზი გაუსვა თანმიმდევრულ განვითარებას აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარებისკენ “უკვე არსებული ფორმატების ფარგლებში, რომელთაც თავიანთი ეფექტურობა დაამტკიცეს, ცალმხრივი ინიციატივების გარეშე, რომელთაც შესაძლოა სამშვიდობო პროცესი ბევრად უკან დახიოს“.
“რუსული მხარე მტკიცედ აცხადებს, რომ რუსი სამშვიდობოების რთულ მისიას კონფლიქტების ზონებში პატივისცემით მოპყრობა სჭირდება. ამ მისიის ეფექტურობაში ეჭვის შეტანის ნებისმიერი მცდელობა, მათ შორის მათი სტატუსიც შეცვლის მოტივით, მიუღებელი იქნება“, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)