Site icon Civil.ge

ვანო მერაბიშვილი ახალქალაქის ბაზაზე კომენტარს აკეთებს

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ახალქალაქში რუსეთის სამხედრო ბაზასთან გამართულ საპროტესტო აქციას სამხედრო ბაზაზე დასაქმებული ხალხის “პატარა ჯგუფის მიერ დადგმული სპექტაკლი“ უწოდა, რომელიც ბაზის გაყვანის პროცესს ვერ შეაფერხებს.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მიხეილ კამინინმა 26 აპრილს განაცხადა, რომ ახალქალაქიდან სამხედრო ბაზის გაყვანის პროცესის დაწყება, რაც 26 აპრილს იგეგმებოდა, შეფერხდა ადგილობროვი მოსახლეობის მიერ ბაზის გაყვანის წინააღმდეგ 25 აპრილს გამართული საპროტესტო აქციის გამო.


“20-25 ადამიანმა რუსეთის ტელევიზიის ოპერატორებისთვის მოაწყვეს სპექტაკლი რუსული ბაზის წინ, თუმცა რაიმე სერიოზულ გართულებას ადგილი არ ჰქონია. ეს ფაქტი არის სიმპტომატური. ჩვენ ვიცით, ვინ მოაწყო ეს “ცირკი“. ის მოაწყვეს ამ ბაზაზე მყოფმა თანამშრომლებმა და მათი ოჯახების წევრებმა. იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ეს არ იყო დაგეგმილი მოსკოვში. მინდა განვაცხადო, რომ რაიმე სერიოზული მასობრივი გამოსვლები ახალქალაქში არ იქნება“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა 26 აპრილს გამართულ მთავრობის ერთობლივ პრესკონფერენციაზე.     


პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ “რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის პროცესი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)